მადრიდის "ატლეტიკო" 7-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მე-11-ედ გაჩემპიონდა, რაშიც ლუის სუარესის დიდი დამსახურებაა. ურუგვაელმა ფორვარდმა "ვალიადოლიდთან" ტრიუმფალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის არ დააფასეს, მაგრამ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.
"ჩვენთვის საოცარი წელი იყო. მე თავს დამცირებულად ვგრძნობდი და მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ ჯერ კიდევ უმაღლესი დონის მოთამაშე ვარ. მადლობას ვუხდი მადრიდის "ატლეტიკოს", რომ ეს შანსი მომცეს და მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლესა და შვილებს, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ძალიან ბედნიერი ვარ.
21 გოლი? ეს ყველას დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე გოლების გატანაა. მთელი ტურნირის განმავლობაში საუკეთესოები და სტაბილურები ვიყავით. როდესაც კონკურენტები მოგვიახლოვდნენ, მხოლოდ საკუთარ თავზე მოვახდინეთ კონცენტრაცია. ეს ტიტული კიდევ უფრო მახარებს მას შემდეგ, რაც განვიცადე და ბევრმა არ დამაფასა. ლა ლიგაში 7 სეზონიდან ხუთჯერ ჩემპიონი გავხდი. მესი? ჩვენ მეგობრები ვართ და ვფიქრობ, ბედნიერი იქნება", - თქვა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა ლა ლიგაში 21 გოლი გაიტანა და მათ შორის, ბოლო ტურში "ვალიადოლიდთან" გამარჯვების გოლი, რამაც "ატლეტიკო" გააჩემპიონა.