ჩოგბურთი

0:21 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმონა ჰალეპი საფრანგეთის ღიას გამოტოვებს

საფრანგეთის ღია პირველობის 2018 წლის ჩემპიონი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, პარიზულ ტურნირს გამოტოვებს. ამის მიზეზი, მარცხენა კანჭის კუნთის ტრავმაა, რომელიც მან რომის ტურნირზე თამაშისას მიიღო.

„გულდამძიმებული ვარ იმით, რომ როლან გაროსზე თამაშს ვერ შევძლებ. სამწუხაროდ, ჩემ მარცხენა კანჭის კუნთს მეტი მკურნალობა სჭირდება. ტურნირისთვის მომზადებას ვერ ვასწრებ, რაც თამაშის საშუალებას არ მაძლევს. დიდი სლემის ტურნირიდან მოხსნა, ჩემს ინსტინქტებს და მისწრაფებებს არ შეესაბამება. მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა ჩემს ენერგიას გამოჯანმრთელებას მივუძღვნი და როგორც კი შევძლებ, კორტს დავუბრუნდები“, - განაცხადა ჰალეპმა.

29 წლის ჰალეპს რეიტინგში მესამე ადგილი უკავია. ერთი კვირის წინ, იტალიის ღია პირველობის მეორე წრეში, გერმანელ ანგელიკ კერბერთან შეხვედრისას, კანჭის ტრავმა მიიღო და კორტი დატოვა.

ჰალეპს როლან გაროსის გარდა, უიმბლდონიც აქვს მოგებული (2019 წელს) და მისი მოქმედი ჩემპიონია. მაგრამ ის ყველაზე უკეთ მაინც საფრანგეთის ღიაზე ასპარეზობს, სადაც 2014 და 2017 წლებში მეორე ადგილი დაიკავა. შარშან ტურნირს მეოთხე წრეში გამოეთიშა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, პოლონელ იგა სვიატეკთან წააგო.

0.11082