ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა, რომელიც ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ ირიცხება, ახლოსაა სამშობლოში დაბრუნებასთან. 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „გრემიო“ დაინტერესდა და ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.
„ბაიერნი“ კოშტას გამოსყიდვას არ აპირებს და ბრაზილიელები მოლაპარაკებებს „იუვენტუსთან“ აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ კლუბი და ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ, ახლა მხოლოდ ტურინელთა თანხხმობაა საჭირო, რომელმაც დუგლასს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტოს, რადგან „გრემიოს“ მისი დამატება მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა.
იტალიელები ამ ვარიანტზეც თანახმა არიან, რადგან 30 წლის შემტევს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს და მათ გეგმებში არ შედის, რომ ეს ხელფასი გადაუხადონ ფეხბურთელიც, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.
დუგლას კოშტას „იუვენტუსში“ 103 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, „ბაიერნში“ კი მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში თავი ერთადერთხელ გამოიჩინა. დუგლას კოშტას კარიერა სწორედ „გრემიოში“ დაიწყო და 2008-2009 წლებში 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.