სხვა

23:18 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

Forbes - ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი კონორ მაკგრეგორია

MMA-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია. Forbes-ის მონაცემებით, 2021 წლის 1 მაისამდე ირლანდიელმა მებრძოლმა 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის 158 მილიონი სარეკლამო კამპანიიდან და მისი ვისკის ბრენდის გაყიდვიდან მიიღო. დანარჩენი 22 მილიონი დოლარი მაკგრეგორმა ოქტაგონზე გასვლით გამოიმუშავა - მიმდინარე წლის იანვარში კონორი დასტინ პუარეს შეხვდა აბუ დაბიში, თუმცა მარცხი განიცადა.

Forbes-ის რეიტინგის სათავეში ირლანდიელი მებრძოლი პირველად მოხვდა, ხოლო ათ ყველაზე მაღალშემოსავლიანს შორის მეორედ. 2018 წელს კონორმა 99 მილიონი გამოიმუშავა და მეოთხე იყო რეიტინგში, იმ წელს მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერს შეხვდა. უკვე ცნობილია, რომ კონორი მოლაპარაკებას აწარმოებს "სელტიკის" მეწილეებთან, რათა კლუბის წილი შეიძინოს. ასევე, ირლანდიელს "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოსწონს და შესაძლოა ამ კლუბის მეწილეც გახდეს.

Forbes-ის რეიტინგის მეორე ადგილზე არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესია. სამხრეთამერიკელმა რეკორდი დაამყარა და ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გახდა - მესიმ გასული 12 თვის განმავლობაში 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ლიონელზე 10 მილიონით ნაკლები შემოსავალი დააფიქსირა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" თავდამხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ და იგი მესამე პოზიციაზეა.

ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს შორის მეოთხე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშე, "დალას კოვბოის" ლიდერი დაკ პრესკოტია (107 მილიონი), ხოლო მეხუთე პოზიციაზეა NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი და "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 96.5 მილიონი გამოიმუშავა.

ხუთეულს მიღმა დარჩა ბრაზილის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "პარი სენ ჟერმენის" ლიდერი ნეიმარი, რომელმაც 95 მილიონი დოლარი დააფიქსირა, ხოლო 20-გზის დიდი სლემის ტურნირეის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა 90 მილიონი გამოიმუშავა და მეშვიდე პოზიციაზეა. გასული 12 თვის განმავლობაში შვეიცარიელი ფაქტობრივად კორტზე არც გასულა და უმეტესად რეკლამებიდან მიიღო თანხა.

მერვე ადგილს იკავებს ფორმულა 1-ის შვიდგზის გამარჯვებული ლუის ჰამილტონი (82 მილიონი), ხოლო "ტამპა ბეის" წევრი, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ტომ ბრედიმ 76 მილიონი გამოიმუშავა და ბოლოსწინა ადგილზეა. ათეულის ბოლო წევრი კევინ დურანტია, რომელიც "ბრუკლინ ნეტსის" რიგებში ირჯება და 75 მილიონი დოლარი მიიღო.

გასულ თვეში Forbes-მა საფეხბურთო კლუბებში შორის რეიტინგი გამოაქვეყნა და ყველაზე ძვირადღირებული კლუბი "ბარსელონაა". "ბლაუგრანას" ღირებულება 4.76 მილიარდი დოლარია, რომელიც ერთი მილიონით აღემატება მადრიდის "რეალის" ღირებულებას (4.75).

0.155691