ფეხბურთი

11:03 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "რეალთან", "ბარსელონასთან" და "იუვენტუსთან" მიმართებაში მკაცრები უნდა ვიყოთ"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უეფას ოფიციალური განცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ დაადასტურა, რომ 12-დან 9 კლუბმა შეცდომა აღიარა და სუპერლიგა დატოვა. დარჩენილ სამ გუნდს კი სანქციები დაეკისრება, სავარაუდოდ, ევროთასებიდან დისკვალიფიკაციაც განიხილება.

უეფას პათოსს იზიარებს ფიფას პრეზიდენტიც, რომელმაც განაცხადა, რომ „რეალთან“, „იუვენტუსთან“ და „ბარსელონასთან“ მიმართებაში მკაცრი უნდა იყვნენ და მტკიცედ იმოქმედონ.

„ჩემი პასუხისმგებლობაა ფეხბურთი ყველგან დავიცვა. ეს ეხება კლუბებს, ლიგებსა და ფედერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იქნება მცირე, საშუალო თუ დიდი, განვითარების სხვადასხვა დონით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უეფას სუპერლიგის უარყოფაში. ჩვენ წინააღმდეგი ვართ და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით შეჯიბრს, რომელიც არ შედის საერთაშორისო სტრუქტურაში და საფრთხეს უქმნის ერთიანობას და სოლიდარობას, რომელიც ყოველთვის უნდა არსებობდეს ფეხბურთის პირამიდაში. ამის შემდეგ, ჩემი ვალდებულებაა, მხარეებს შორის შუამავლობა მოვახდინოთ ისე, რომ დაიწყოს ღრმა და კონსტრუქციული დიალოგი დადებითი გადაწყვეტილებების მოძებნის მიზნით. ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ ფეხბურთის პრობლემები.

გულშემატკივარი ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს. ფანებისა და მათი ვნების გარეშე ფეხბურთი არ იქნებოდა ის, რაც არის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ფეხბურთი ფუნდამენტურია და უნდა იყოს გულშემატკივრებისთვის, ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა. ინვესტიციები ფეხბურთში მისასალმებელია, მაგრამ სანამ ის გამჭვირვალეა და არსებობს კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის ბალანსს, ასევე ჯანსაღ და მდგრად სექტორს.

„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“? ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დიდი კლუბები და როგორ აღაფრთოვანებენ ისინი მილიონობით გულშემატკივარს არა მარტო თავიანთ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ იმ არც ისე დიდ კლუბებზე, ასოციაციებზე, რომლებიც პირამიდის სათავეში არ არიან. რა თქმა უნდა, ამ კლუბებთან მიმართებაში უნდა ვიყოთ მკაცრები და ვიმოქმედოთ მტკიცედ, მაგრამ ისე, რომ არ დავივიწყოთ შესაძლებლობა, რომ ვიპოვოთ საერთო პრობლემის მოგვარების გამოსავალი“,- თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, სუპერლიგა ოფიციალურად „არსენალმა“, „ტოტენჰემმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ჩელსიმ“, „ლივერპულმა“, „მილანმა“, „ინტერმა“ და „ატლეტიკომ“ დატოვეს. „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“კი პოზიციას არ იცვლიან და უკვე არა მარტო უეფას, არამედ ზემოხსენებულ 9 კლუბსაც უპირისპირდებიან.

0.117062