ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპა ლიგის ფინალისტებიც გამოვლინდა. ბევრი ელოდა, რომ ორი წლის წინანდელივით ორივე ევროტურნირზე ინგლისური ფინალი იქნებოდა, მაგრამ ევროპა ლიგაზე „ვილიარეალმა“ ეს გეგმები თავდაყირა დააყენა.
უნაი ემერის გუნდს შინ ლონდონის „არსენალი“ 2:1 ჰყავდა დამარცხებული და „ემირეითს სთედიუმზე“ ეს უპირატესობა დიდებულად დაიცვა. „მეთოფეები“ ბევრს ეცადნენ, მაგრამ ესპანელთა კარს გასაღები ვერ მოარგეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შედეგად, „ვილიარეალმა“ „არსენალთან“ 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და მიმდინარე ევროთასებზე ინგლისელთა იდილიაც დაარღვია.
მეორე ფინალისტი კი ცხადია, „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომელმაც „რომას“ შინ 6:2 აჯობა და რა თქმა უნდა, იტალიაში ეს უპირატესობა არ გაუნიავებია. უფრო მეტიც, ტაიმი ედინსონ კავანის გოლით მოიგო და ინტრიგა, რომელიც თუ ჯერ კიდევ არსებობდა, საერთოდ მოკლა. ისე კი, მეორე ნახევარში „რომამ“ მოახერხა და თამაში მაინც მოიგო - 3:2. თუმცა, იტალიური გუნდი ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა და ფინალს მიღმა აღმოჩნდა.
ევროპა ლიგის ფინალში 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში „მანჩესტერი“ და „ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. ინგლისურმა გუნდმა ეს ტიტული 4 წლის წინ მოიგო, აი, „ვილიარეალისთვის“ ფინალი ახალი ხილია, მაგრამ მას ჰყავს უნაი ემერი - ევროპა ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი და სპეციალისტი.
„რომა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:2 (0:1)
გოლები: 0:1 კავანი (39), 1:1 ჯეკო (57), 2:1 კრისტანტე (60), 2:2 კავანი (69), 3:2 ალექს ტელეში (83, ა.გ)
„არსენალი“ – „ვილიარეალი“ 0:0 (0:0)