„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაღიზიანებულიც ამიტომ იყო.
მოგეხსენებათ, კუიპერსმა ანხელ დი მარია გააძევა, რასაც პარიზელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ვერატიმ თამაშიც შეაფასა და არბიტრის შესახებაც ისაუბრა.
„გაძევებამდე გვჯეროდა. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და მათზე უკეთ ვთამაშობდით. სამწუხაროდ, პირველი შანსით გაიტანეს, როგორც პირველ მატჩში, მაგრამ როდესაც დიდ გუნდებთან თამაშობ, ეს ხდება. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთეთ. ზედიზედ ორი წელია ოთხეულში ვართ, ეს შესანიშნავი გზა იყო და გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. როდესაც დიდ გუნდებთან თამაშობ, შეუძლებელია 90 წუთის განმავლობაში ისე შეუტიო, რომ სირთულეებთან გამკლავება არ მოგიწიოს. ადრე თუ გვიან, მოვიგებთ, უნდა გვჯეროდეს, მაგრამ „სიტიმაც“ დაიმსახურა ფინალში გასვლა, რადგან 6-7 წელია ერთი მწვრთნელი ჰყავს და ფინალში პირველად გავიდა. ჩვენ, ჩვენი გზა უნდა შევაფასოთ, ადვილი არ არის ზედიზედ ორ სეზონში ფინალში და ნახევარფინალში გასვლა. ასე უნდა გავაგრძელოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პოჩეტინო ჩვენთან მხოლოდ 5 თვეა მუშაობს.
განერვიულებული ვიყავი? მსაჯმა სამი-ოთხჯერ შემაგინა, რამდენჯერმე მითხრა Fuck you. ეს მე რომ ვთქვა, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსჯიან“, - თქვა ვერატიმ.
მსაჯის, ბიორნ კუიპერსის მხრიდან შეურაცხყოფაზე ილაპარაკა ანდერ ერერამაც: „მან პარედესს შეაგინა. ეს ჩვენ რომ ვუთხრათ, 3-4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოგვცემენ“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა (2:1, 2:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.