ფეხბურთი

16:55 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომას" სეზონის ბოლოს ფონსეკა დატოვებს

იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ პაულუ ფონსეკა დატოვებს. „ჯალოროსის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„რომა“ მადლობას უხდის პორტუგალიელ მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს. ფონსეკას გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა.

„რომა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და წინსვლის შესაძლებლობა არ აქვს, იტალიის თასს მერვედფინალში „სპეციასთან“ მარცხით გამოეთიშა, ხოლო ევროპა ლიგაზე ნახევარფინალშია, მაგრამ „მანჩესტერთან“ პირველი თამაში 2:6 წააგო.

ფონსეკა „რომას“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში სერია A-ში მეხუთე ადგილზე გაიყვანა. მანამდე ის დონეცკის „შახტარსა“ და „ბრაგაში“ მუშაობდა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულიდან „რომას“ მაურიციო სარი ჩაიბარებს - ამის შესახებ იტალიური მედია აქტიურად წერს და იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან.

0.114452