ფეხბურთი

1:07 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "იუვენტუსი" ტახტიდან ჩამოაგდო და სკუდეტომდე ერთადერთი ნაბიჯია

იტალიის სერია A ძალიან ახლოსაა ახალ ჩემპიონთან და ეს ყველაფერი 3282 დღის შემდეგ! ზუსტად ამდენი ხანი გავიდა მას მერე, რაც „იუვენტუსმა“ პირველი სკუდეტო დაისაკუთრა 9-წლიან უძლეველ ციკლში, რომელიც წარსულს ოფიციალურად ჩაბარდა.

„ინტერმა“ სტუმრად „კროტონე“ კრისტიან ერიკსენისა და აჩრაფ ჰაკიმის გოლებით ადვილად დაამარცხა და მათემატიკურად „იუვეს“ მისი გადასწრების შანსი აღარ აქვს. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამის თეორიულ შანსს ინარჩუნებს „ატალანტაა“, რომელიც დღეს თუ ვერ მოიგებს, სკუდეტო უკვე ოფიციალურად „ინტერის“ იქნება. ამრიგად, ანტონიო კონტეს შრომამ მილანურ გრანდში შედეგი მეორე სეზონში გამოიღო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ბოლოს სკუდეტო 2010 წელს მოიგო, ხოლო ზოგადად ტიტული ბოლოს ზუსტად 10 წლის წინ მოიპოვა, როცა იტალიის თასს დაეუფლა. ეს მშრალი სერია „ნერაძურისთვის“ როგორც იქნა დასრულდა. დიახ, დასრულდა, რადგან ფანტასტიკის სფეროსთანაც არ დგას ის, რომ „ატალანტა“ მილანური გრანდის გადასწრებას შეძლებს - ბერგამოელებმა ყველა თამაში უნდა მოიგონ და მილანელებმა წააგონ, რაც ცხადია, პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვათა შორის, „ბებერი ქალბატონის“ საჩემპიონო სერია 9 წელი, 108 თვე, 472 კვირა და 3282 დღე გრძელდებოდა, რაც საოცარი შედეგია! ვთქვათ ისიც, რომ „ინტერთან“ წაგების შემდეგ „კროტონე“ სერია B-ში ოფიციალურად გავარდა.

„ინტერი“ რომ სკუდეტოს მოიგებს, ცხადია, სამაგიეროდ, „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უწევს ბრძოლა და როგორც იქნა, ორმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და „ბენევენტო“ ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ტეო ერნანდესის გოლებით 2:0 დაამარცხა. „მილანს“ მომდევნო ტურში შეიძლება ითქვას გადამწყვეტი თამაში აქვს და უშუალო, მთავარ კონკურენტ „იუვენტუსს“ ეთამაშება, მატჩი 9 მაისს, ტურინში გაიმართება. მოკლედ, მომდევნო ტურში ბევრი რამ გამოჩნდება და ალბათ გადაწყდება კიდეც. „ბენევენტოზე“ კი იმის თქმა შეიძლება, რომ გასავარდნ ზონაშია და ფილიპო ინძაგის გუნდი მეორე წრეს კატასტროფულად ატარებს - ბოლო ოთხ თვეში ერთადერთი თამაში მოიგო, ისიც ტურინში „იუვენტუსთან“...

სერია A-ს 34-ე ტურის უმეტესი და ყველაზე საინტერესო მატჩები კვირას გაიმართება და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი დანარჩენი გუნდები, „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“ და „ლაციო“ ითამაშებენ.

„ვერონა“ – „სპეცია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სალსედო (46), 1:2 საპონარა (86)

„კროტონე“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ერიკსენი (69), 0:2 ჰაკიმი (90)

„მილანი“ – „ბენევენტო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (6), 2:0 ერნანდესი (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147319