რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში ვოლგოგრადის „როტორმა“ გროზნოს „ახმატს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ალექსეი შჩეტკინის გოლით მოიპოვა (1:0).
საგოლე კომბინაცია ნიკა ყიფიანმა დაიწყო, რომელმაც ქუსლით შესანიშნავი პასი გააკეთა, შეტევა გაგრძელდა და გოლით დასრულდა. ყიფიანი 81-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც მოედანზე 62-ე წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „დინამო ბათუმის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა.
„როტორმა“ 21 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან პლეი-აუტის ზონაში აღზევდა, მაგრამ „უფასთან" ერთად თანაბარი ქულები აქვს. ვოლგოგრადელები მომდევნო შეხვედრაში 7 მაისს „სოჭის“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.
ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოსკოვის „დინამო“ ჯორჯ დესპოტოვიჩისა და ჰვან ინ-ბუმის გოლებით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდი 54-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. ყაზანელებმა 49 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე, კონფერენს ლიგის ზონაში არიან, ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსიც არსებობს. „რუბინი“ მომდევნო ტურში 8 მაისს ტულის „არსენალს“ ესტუმრება, მოახერხებს თუ არა ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია თამაშს, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინც მძიმე მატჩებია წინ და გავარდებიან როგორც ვატყობ. დასანანია დავითაშვილი რომ ვერ გაიხსნა