ფეხბურთი

10:24 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "ხვიჩა თუ არა, მაშინ ვინ უნდა იყიდონ ტოპლიგების გუნდებმა? ის ყველა კრიტერიუმში ჯდება"
"არწივს კოლიბრის გალიაში ვერ მოათავსებ"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა Tatarstan24-თან ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, მან არ იცის, მიიღო თუ არა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადება.

სლუცკი დარწმუნებულია, რომ ხვიჩას ყველა ის თვისება აქვს, რითაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გუნდები ფეხბურთელების შერჩევისას ხელმძღვანელობენ.

„წარმოდგენა არ მაქვს მიიღო თუ არა, „რუბინმა“ რაიმე წინადადება, როგორ მიმდინარეობს ფინანსური მოლაპარაკებები. მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ. ვფიქრობ, რომ ხვიჩა ტოპ 5 ჩემპიონატს მიღმა ხუთ საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა, ყველა ძირითადი საფეხბურთო თვისებებისა და შეფასების მიხედვით. თუ იტალიას, ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთს და გერმანიას გამოვაკლებთ, მაშინ ყველა იმ ინდიკატორში ჯდება, რომელსაც ყველა მწვრთნელი, სკაუტი, ანალიტიკური განყოფილება აკვირდება. ამიტომ, მე მხოლოდ მაინტერესებს, თუ ისინი არ იყიდიან კვარაცხელიას, მაშინ რეალურად ვის შეიძენენ ამ ქვეყნის გუნდები.

იცით, რომ თითოეულ ბოსტნეულს ან ხილს თავისი ბაღი და დამწიფების დრო აქვს. არწივს კოლიბრის გალიაში ვერ მოათავსებ. თუ ადამიანმა ნამდვილად გაუსწრო ჩემპიონატის და გუნდის დონეს, შეუძლია კონკურენტული იყოს ფუნდამენტურად განსხვავებულ საფეხბურთო დონეზე და ფუნდამენტურად განსხვავებულ ლიგაში, მაშინ ერთის მხრივ სინანულის გრძნობა დაგვეუფლება და მეორეს მხრივ, გიჟური სიამაყე, რომ მოვახერხეთ ადამიანის მომზადება, რომელიც იმედი მაქვს, ნამდვილად იქნება სუპერკონკურენტუნარიანი ევროპის წამყვან გუნდებში“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.118089