ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ რჩება, მან ორი დღის წინ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონშიც „როსონერის“ ღირსებას დაიცავს. 39 წლის შვედმა ფორვარდმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ იტალიური გრანდის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
იბრაჰიმოვიჩმა თავის სამომავლო გეგმებსა და კლუბის მიზნებზე ისაუბრა. ზლატანმა აღნიშნა, რომ როდესაც იტალიაში არ იმყოფება, 25 შვილი ენატრება და რა თქმა უნდა, თანაგუნდელები იგულისხმა.
„მილანის“ ახალი პროექტი მომწონს, რადგან სხვა გამოწვევაა. მიჩვეული ვიყავი დიდ ჩემპიონებთან თამაშს, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს. ეს სხვა სიტუაციაა, სხვა პასუხისმგებლობაცაა. როდესაც დიდ ჩემპიონებთან თამაშობ, ყველაფერი მოედანზე წყდება, აქ განსხვავებული ვითარებაა, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და აჩვენო რა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. მე მაქვს გამოცდილება და მინდა გუნდში ყველას გადავცე.
სადამდე მივალთ მე და „მილანი“? დიდ რამეებს ვხედავ. როდესაც დავბრუნდი, სეზონის შუა პერიოდი იყო, მას შემდეგ, გასული სეზონის მეორე ნახევრიდან თუ დავითვლით ქულებს, პირველები ვიქნებით. ადრე რომ დავბრუნებულიყავი, ახლა ტიტული მოგებული გვექნებოდა. ახლა უნდა გავაგრძელოთ კარგად თამაში, ჩვეულებრივ, თუ ერთი წელი კარგად თამაშობ, რაღაცას მიიღებ, მაგრამ ჯერ სეზონი არ დასრულებულა. ასე უნდა გავაგრძელოთ და გვჯეროდეს, რადგან თუ გჯერა, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ყველას მოედანზე ვუპასუხეთ, თავგანწირვით ვიმუშავეთ და ვაჩვენეთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. როდესაც რაღაცას იგებ, უფრო მეტი გინდა, ეს არის წარმატების საიდუმლო, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. თუ რწმენა გვექნება, წარმატებას მივაღწევთ. ჯერ არაფერი დასრულებულა, შეუძლებელი არაფერია. ყველას თავისი მიზნები აქვს. ჩემი მიზანი გამარჯვებაა, უბრალოდ უნდა დაიჯერო წარმატების, ეს არის საიდუმლო.
მოედანზე ყველანი ერთნაირები ვართ, ერთი და იგივე მიზნები გვაქვს, მაგრამ შემდეგ ყველა განსხვავებულად იქცევა. ჩემი საქმეა ყველას სტიმულირება. როდესაც იტალიაში არ ვარ და გუნდში არ ვარ, უნდა ვთქვა, რომ თანაგუნდელები ძალიან მენატრებიან, ისევე როგორც ჩემი შვილები მენატრება შვედეთში, მაგრამ როდესაც იტალიაში არ ვარ, 25 შვილი მენატრება. ის, რაც გასულ წელს გამოვიარეთ, ადვილი არ იყო, მაგრამ პირველივე დღიდან სტეფანო პიოლისთან მუშაობა მარტივი იყო. პიოლის აქვს სწორი მენტალიტეტი, ყოველდღიური ენერგია, რომელსაც ყველას გადასცემს. დილით დამირეკა და მკითხა: „სად ხარ? მე უკვე ვმუშაობ“ - ასე მიწვევს. მწვრთნელობა? არ შემიძლია ვთქვა კი ან არა, რადგან თუ კის ვამბობ, სიტყვას ვასრულებ. მწვრთნელობა ადვილი არ არის, რადგან უფრო სტრესულია, ვიდრე ფეხბურთელობა. მაგრამ, არასდროს იცი მომავალში რა მოხდება“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ლომბარდიულ გრანდს 2020 წლის იანვარში დაუბრუნდა. შავ-წითელი მაისურით მას 130 თამაშში 84 გოლი აქვს გატანილი (დაბრუნების შემდეგ 45 თამაში, 28 გოლი).