მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“, „მილანსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ უეფა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით დაემუქრა. ამის შესახებ განცხადება უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გააკეთა.
სლოვენიელის განცხადებით, მისთვის ამ ოთხ კლუბსა და დანარჩენი 8 გუნდს შორის, რომლებმაც სუპერლიგა დატოვეს, დიდი განსხვავებაა, ამიტომაც, თუ ისინი კვლავ სუპერლიგაში დარჩებიან, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ.
„აშკარაა, რომ კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ სუპერლიგა თუ ევროპული კლუბების ასოციაცია. თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ სუპერლიგაში ვართ, მაშინ რა თქმა უნდა, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. თუ მზად არიან ამის გასაკეთებლად, შეუძლიათ თავიანთ კონკურენციაში ითამაშონ.
ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იურისტების დასკვნას და შემდეგ ვიტყვით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემთვის სულ სხვა სიტუაციაა იმ კლუბებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთი შეცდომა აღიარეს და თქვეს: „ჩვენ პროექტს ვტოვებთ“. დანარჩენებმა იციან, რომ პროექტი მკვდარია, მაგრამ ამის დაჯერება ალბათ, არ სურთ.
ყველაზე ცუდი დღე შაბათი იყო, რადგან მივხვდი, რომ ადგილი ჰქონდა სუფთა ღალატს. თურმე ზოგი ადამიანი წლების განმავლობაში გვატყუებდა. ეს რაღაც უცნაური იყო, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა. მომდევნო დღეს 3-4 კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს: ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ გავდივართ“, - თქვა AP-თან ინტერვიუში სლოვენიელმა.
„იუვენტუსი“, „რეალი“, „მილანი“ და „ბარსელონა“ ჯერჯერობით ისევ სუპერლიგაში რჩებიან. „ბარსამ“ გუშინ ოფიცალური განცხადებითაც გამოუცხადა მხარდაჭერა პროექტს, რომელიც 48 საათში ჩავარდა.