ევროპის სუპერლიგას ბოლო დღეებში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და მათ შორის ფეხბურთელებიც. თუმცა, თითქმის არავის არ დაუფიქსირებია აზრი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ, რომელიც 2024 წლიდან უნდა დაიწყოს.
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კი პირველია, რომელმაც ეს ფორმატი დაიწუნა და ტვიტერში თავისი პოზიცია გაასაჯაროვა.
„იმის გათვალისწინებით, რაც სუპერლიგის გარეშემო ხდება, შეიძლება ასევე ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე? უფრო და უფრო მეტი თამაში, არავინ ფიქრობს ფეხბურთელებზე? ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი სუპერლიგასთან შედარებით უბრალოდ უფრო ნაკლები ბოროტებაა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ფორმატი შესანიშნავად მუშაობს და ამიტომ არის ყველაზე პოპულარული საკლუბო შეჯიბრი მსოფლიოში - ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის“, - დაწერა გიუნდოგანმა.
შეგახსენებთ, უეფას გადაწყვეტილებით 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე 36 გუნდი ითამაშებს, ჯგუფური ეტაპი გაუქმდება და ყველა გუნდი ერთიან ჯგუფში მოექცევა, რომელშიც 9 მატჩში ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ ტურნირი ჩვეულებრივ მერვედფინალური ეტაპიდან გაგრძელდება.