ფეხბურთი

15:51 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგა ჩაფლავდა, ამბავი გრძელდება

ევროპის სუპერლიგის შექმნის ამბავმა თავზარი დასცა სრულიად საფეხბურთო სამყაროს. მესამე დღეა ყველაფერი დუღს და გადადუღს. მთელი მედიასივრცე „გაუმაძღარი ამპარტავნების“ კრიტიკითაა დაკავებული.

სუპერლიგისა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კი ამტკიცებს, რომ ამ წუთებში წყდება დიდი მოვალეების ბედი, კორონაპანდემიამ კატასტროფული ნაპრალები გააჩინა კლუბების ბიუჯეტებში და თუ ასე გაგრელდა, 2024 წელს ფეხბურთი მოკვდება.

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი და სუპერლიგის ერთ-ერთი დამაარსევბელი, ანდრეა ანიელი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც თორმეტიდან ცხრა კლუბმა დატოვა სუპერლიგა, ამ პროექტის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ვეშ დადგა. თუმცა კვლავაც ამტკიცებს, რომ ევროპულ ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება და არ ნანობს, რომ ასეთი პროექტი შესთავაზეს საზოგადოებას.

„ახლა აღარ დავასახელებ, რამდენი კლუბი დამიკავშირდა სუპერლიგაში გასაწევრიანებლად პირველი 24 საათის განამავლობაში. შესაძლოა, იტყუებოდნენ, მაგრამ ფაქტია, რეალურად მეკითხებოდნენ, როგორ შეიძლება ამ პროექტში ჩართვა. მაგრამ ექვსი ინგლისური კლუბის ლიგიდან უეცარმა გასვლამ ყველაფერი შეცვალა.“ - ამბობს ანიელი.

ცხადია, საქმეში პოლიტიკა ჩაერია. ეგ კი არა, ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ არც სამეფო ოჯახი დარჩენილა განზე. კერძოდ, პრინცი უილიამი.

La Gazzetta dello Sport წერს: „სუპერლიგამ მხოლოდ 48 საათს გაძლო და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - თავის წინააღმდეგ გააერთიანა ყველა პოლიტიკური ლიდერი, ევროპის პარლამენტი, სპორტული ორგანიზაციები, საერთაშორისო მედია, გულშემატკივრები, მწვრთნელები, მოთამაშეები. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ „კრიმინალური გეგმის“ გამოცხადებას ამხელა პროტესტი მოჰყვებოდა.

საზოგადოებამ გაიმარჯვა. მთავარი კაცი კი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოდგა, რომელმაც მაგიდაზე მუშტი დაჰკრა და მის ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი კლუბების მფლობელები შეაშინა. მხოლოდ ამის შემდეგ იკადრეს ინგლისის „დიდი ექვსეულის“ კლუბებმა სუპერლიგიდან ბრექსიტი.“

ჯონსონმა მართლაც შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა დაუნინგ-სთრითზე და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ეს მუქარა მხოლოდ სუპერლიგას არ შეეხება. საჭიროა ქომაგების მეტი ჩართულობა კლუბების მართვაში და შესაბამისად, მმართველების გავლენის შესუსტება. მაგალითად გერმანული მოდელი მოიყვანა, ეგრეთ წოდებული 50%+1, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებს ურიგდებათ აქციების ერთგვარი მაჟორიტარული პაკეტი, რის შემდეგაც მათ მეტი ხმის უფლება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ეძლევათ.

სხვათა შორის, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სუპერლიგაში არცერთი გერმანული კლუბი გაწევრიანებულა.

„მიუხეადავად იმისა, რომ ინგლისური კლუბები ზეწოლის გამო გამოაკლდნენ სუპერლიგას, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი წინადადება ყველანაირად ეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას და რეგლამენტს - წერია ESL (ევროპის სუპერლიგა)-ის განცხადებაში, - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვეცდებით მისაღები ნაბიჯები გადავდგათ პროექტის სტრუქტურის შესაცვლელად, რომელიც მისაღები იქნება გულშემატკივრებისთვის.“

ანუ, ვნებათაღელვა დროებით შეწყდა. ამბავი კი გრძელდება...

0.116692