ფეხბურთი

19:08 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ეგოისტი ადამიანები ცდილობენ ეს ლამაზი სპორტი მოკლან"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის შესახებ და კლუბების ამბოხზე კომენტარი გააკეთა. მან განსაკუთრებით კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ გაჰკრა. სლოვენილის განცხადებით, ფეხბურთი ყველას ეკუთვნის და ყველას აქვს უფლება გამარჯვებაზე იოცნებოს.

„სად იყო „მანჩესტერი“ სერ ალექს ფერგიუსონამდე? და სად იყო „იუვენტუსი“ 15 წლის წინ? რამდენადაც ვიცი, სერია B-ში იყო. ეს 12 კლუბი ყოველთვის გრანდები არ იყვნენ და არ არსებობს გარანტია, რომ მომავალშიც ყოველთვის იქნებიან. თუ ისინი ფიქრობენ, რომ დიდი კლუბები არიან, ეს უეფას დამსახურებაა, რომელიც ინარჩუნებს სპორტულ პრინციპს და არავინ იცის, უეფას გარეშე სად იქნებოდნენ.

ფეხბურთი იცვლება, ფეხბურთი არავის ეკუთვნის. უფრო სწორად ყველას ეკუთვნის, რადგან ფეხბურთი ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია. ჩვენ პატივისცემა გვჭირდება ისტორიის, ტრადიციებისა და ყველა კლუბის მიმართ. ფეხბურთი დინამიური და არაპროგნოზირებადია. ჩვენ გვჭირდება „ატალანტა“, „სელტიკი“, „რეინჯერსი“, „დინამო ზაგრები“, „გალათასარაი“ და ასეთ კლუბები. ეს კლუბები აუცილებელია, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ყველას შეუძლია გამარჯვებაზე ოცნება.

ეგოიზმი სოლიდარობას ანაცვლებს. ფული უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე დიდება, სიხარბე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთგულება და დივიდენდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვნება. ამ რეფორმებით ჩვენ ვაშენებთ ფეხბურთის მომავალს, ხოლო ზოგიერთი ეგოისტი ადამიანი ცდილობს ეს ლამაზი თამაში მოკლას. სუპერლიგით ცდილობენ ფეხბურთის პრივატიზებას, მაგრამ ჩვენ მათ ველოდებით, შეუძლიათ აზრის შეცვლა, შეცდომებს ყველა უშვებს. მთავრობები, გულშემატკივრები, მედია ჩვენთან არის. მერწმუნეთ, ეს არის მატჩი, რომელსაც არ წავაგებთ“, - განაცხადა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.112869