ფეხბურთი

17:20 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა: "მათ არ უნდა მოიპარონ ის, რაც ხალხმა შექმნა"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ანდერ ერერა პირველია, რომელმაც სუპერლიგასთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია პირველმა დაფიქსირა. ესპანელმა ნახევარცველმა ძალიან ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„მე პოპულარული ფეხბურთი შემიყვარდა, გულშემატკივრების ფეხბურთი. ვოცნებობდი, ჩემი საყვარელი გუნდი საუკეთესოებთან კონკურენციაში ყოფილიყო გამარჯვებული. თუ სუპერლიგა წინ წავა, ეს ოცნება მოკვდება. მოკვდება იმ გუნდების ქომაგების ილუზიები, რომლებიც ტოპგუნდები არ არიან და საუკეთესოებთან გამარჯვება სურთ. მიყვარს ფეხბურთი და ამიტომ, ამ თემაზე ვერ გავჩუმდები. მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის განვითარება შეიძლება და არა ის, რომ მდიდრებს შეუძლიათ მოიპარონ ის, რაც ხალხმა შექმნა, რომელიც პლანეტის ულამაზესი სპორტია“, - დაწერა ერერამ.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.128363