ფეხბურთი

19:08 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "სახლში გველები გვყოლია, ისინი ფეხბურთის ფანებს სახეში აფურთხებენ"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის დაარსების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. სლოვენიელის განცხადებით, ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, ეროვნულ ნაკრებებში ასპარეზობას ვეღარ მოახერხებენ.

მან ანდრეა ანიელის ყველაზე დიდი მატყუარა უწოდა და აღნიშნა, რომ სახლში გველები ჰყოლიათ, მაგრამ არ იცოდნენ.

„არ ვიცოდით, რომ სახლში გველები გვყავდა, მაგრამ ახლა ვიცით. მე არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ამდენჯერ და ასე დაჟინებით იტყუებოდეს, როგორც ანდრეა ანიელი. მას შაბათს ნაშუადღევს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი ტყულია. მოგვიანებით ვურეკავდი და ტელეფონი გამორთო. სიხარბე ადამიანის ყველა ღირებულებას აქრობს.

ისინი თავს დიდ კლუბებად თვლიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. „იუვენტუსი“ სერია B-ში იყო, „მანჩესტერი“ კი სერ ალექს ფერგიუსონამდე არც ვიცი სად იყო. ედ ვუდვორდი? 24 წელი იურისტი ვიყავი, მაგრამ მსგავს ადამიანებთან კონტაქტი არასდროს მქონია. მან დამირეკა გასულ შაბათს და მითხრა, რომ კმაყოფილია ჩემპიოთა ლიგის რეფორმით და 100%-ით მხარს დაუჭერდა.

უეფა და მსოფლიო საფეხბურთო სამყარო გაერთიანებულია ამ საშინელი წინადადების წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ევროპულმა კლუბმა წამოაყენა, რომლებიც მხოლოდ სიხარბეს მისდევენ. ფეხბურთის სამყარო და მთავრობები გაერთიანდნენ, ყველა ამ უაზრო პროექტის წინააღმდეგ გაერთიანდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კლუბს, გარდა იმ 12 კლუბისა. მადლობა მთავრობებსაც. ამ იდეთ ფეხბურთის ყველა მოყვარულს სახეში აფურთხებენ. ჩვენ მათ ფეხბურთის წართმევის უფლებას არ მივცემთ.

სუპერლიგაში მონაწილე ფეხბურთელები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებენ, ისინი ეროვნული ნაკრებების წარმოდგენას ვერ შეძლებენ. უეფა მხოლოდ ფულის საკითხი არ არის, სუპერლიგა კი არის. იმ ათეულის ინტერესი ფულია, არ მინდა მათ ბინძური ათეული ვუწოდო. ძირითადი პრინციპი არ შეიძლება შეიცვალოს, სოლიდარობა მარადიულია. თუმცა, ზოგიერთისთვის სოლიდარობა არ არსებობს, მხოლოდ ჯიბეში ფული არსებობს.

ევროტურნირებიდან დაუყოვნებლივ მოკვეთა? ჯერ ვაფასებთ არსებულ ვითარებას. ჯერ ადრეა რამეზე საუბარი, ჯერ არ გვაქვს გამოსავალი მოძებნილი, მაგრამ ვეცდებით ყელა სანქცია გამოვიყენოთ. ცხადია, რაც შეიძლება მალე მოგვიწევს ყველას გარიცხვა ჩვენი შეჯიბრებებიდან“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.126747