ძიუდო

17:32 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: ოქროს და ბრინჯაოს შანსი პირველ დღეს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, ერთმა კი ფინალში გასვლა მოახერხა და ოქროს მედლისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭდავებს.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) თავდაპირველად ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს აჯობა, შემდეგ ბელარუსი დმიტრი მინკოუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბ სტრაჰიია ბუნჩიჩს დაუპირისპირდა, რომლის დამარცხება შეძლო და ქართველი ფინალში პორტუგალიელ ჟოაო კრისოსტომოსა და იტალიელ მანუელ ლომბარდოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

60 კგ წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა თემურ ნოზაძემ, რომელმაც პირველივე შეხვედრა ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევთან განიცხადა მარცხი და ევროფორუმს გამოეთიშა.

ქალთა შორის 52 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე. მარიამ ჯანაშვილმა პორტუგალიელ ჟოანა დიოგოს მოუგო, მაგრამ შემდეგ შვეიცარიელ ფაბიან კოხერთან დამარცხდა, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა კი პორტუგალიელ ჟოანა რამოსთან პირველივე შეხვედრა წააგო და ორივე ქართველი უმედლოდ დარჩა.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს მედლის მოპოვების შანსი აქვს. მან უკრაინელი მარია სკორა და გერმანელი იანა ციგლერი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ფანგ სარა ლეონი ცისიკესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევის აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭდავებს.

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხვალ ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავლენ.

0.120508