ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი 12 აპრილს 73 წლის გახდა. მან იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ მამამისს ტურინის „იუვენტუსი“ სძულდა და როდესაც „ბებერ ქალბატონში“ მუშაობა გადაწყვიტა, მის საფლავზე მივიდა.
„ჯანი ანიელი („იუვეს“ საპატიო პრეზიდენტი - რედ) ძალიან ძლიერი პერსონაჟი იყო, ნამდვილად ფანტასტიკური. ის „იუვენტუსის“ თამაშების საყურებლად აღარც დადიოდა, ერჩივნა მილანური გუნდების სანახავად წასულიყო, რადგან, როდესაც ტურინში 1994 წელს მივედი, უკვე 10 წელი იყო გასული, რაც „იუვეს“ სკუდეტო არ მოეგო. მახსოვს, როცა მან ინტერვიუ მისცა და ჰკითხეს, როგორ აფასებდა „იუვეს“ მდგომარეობას. იმ წელს ფერარი ფორმულა 1-ში ცუდად გამოვიდა, როგორც ახლა და მან თქვა: „ფერარისთვის უფრო ადვილია მსოფლიოს ჩემპიონობა, ვიდრე „იუვენტუსისთვის“ სკუდეტოს მოგება“. სეზონის ბოლოს იტალიის ჩემპიონები გავხდით. შემდეგ ანიელი გასახდელში საზეიმოდ შემოვიდა და როდესაც მივესალმე თქვა: „ხედავთ ამ ჯენტლმენს? 99%-ით მისი დამსახურებაა, რომ ჩემპიონები გავხდით“.
მამაჩემს „იუვენტუსი“ სძულდა, ის სოციალისტი ადამიანი იყო და ძლიერები სძულდა. მოწინააღმდეგე ფეხბურთელს „იუვეს“ მოთამაშისთვის ფეხი რომ მოეტეხა და მსაჯს პენალტი დაენიშნა, ის ამბობდა, რომ მსაჯი სწორად არ მოიქცა, პენალტი არ იყო. მამაჩემი 1991 წელს გარდაიცვალა და როცა 1994 წელს „იუვეში“ წავედი, მის საფლავთან მივედი და ვუთხარი: „მამა, მოთმინება გქონდეს, მე „იუვეში“ მივდივარ, შენ ეს არ მოგეწონება, მაგრამ „იუვენტუსში“ მივდივარ“, - თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, მარჩელო ლიპი „იუვენტუსში“ 1994-1999 და 2001-2004 წლებში მუშაობდა. მან ტურინულ გუნდში საოცარ შედეგებს მიაღწია, 8 სეზონში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ასევე ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო, ხოლო ერთხელ უეფას თასის. 2006 წელს ლიპი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.