„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის ამ შეხვედრაში გამორიცხული არაფერია.
„დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ბაიერნი“ ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ჩემი მეტოქისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. ამავე დროს ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ ძალებში. მშვენივრად გვესმის, რომ ისევ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და ვცდილობთ ამას მივაღწიოთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ფრანგებმა გერმანიაში 3:2 მოიგეს.