ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „მემფის გრიზლის“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „პეისერსმა“ 132:125 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ინდიანაპოლისელებმა ოთხიდან სამი პერიოდი წააგეს, მაგრამ პირველ მეოთხედში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი გამოდგა.
ბითაძეს ნაყოფიერი თამაში ჰქონდა და ქართველმა ცენტრმა 18:21 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 5 დაფარება(!) მიითვალა. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საგულისხმოა, რომ „ინდიანას“ ჯამში 10 დაფარება ჰქონდა და აქედან ნახევარი ბითაძის ანგარიშზეა, „მემფისმა“ კი გუნდურად სულ 6 ბლოკშოტი დააგროვა.
„ინდიანაში“ მალკოლმ ბროგდონი 29 ქულით, 9 მოხსნით და 11 პასით გამოირჩა, დომანტას საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ხოლო კარის ლევერტმა საკუთარ გუნდს 34 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. „მემფისის“ რიგებში ბრწყინვალე თამაში ჩაატარა ლიეტუველმა იონას ვალანჩულასმა, რომელმაც 34 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა.
„ინდიანა პეისერსი“ 25 გამარჯვებით და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 14 აპრილს, ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ გამართავს.