ფეხბურთი

1:29 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "მილანის" 31-წლიანი რეკორდი დაამხო და სკუდეტო უკვე ერთ ნაბიჯშია

მილანის „ინტერი“ სკუდეტოსკენ თავქუდმოგლეჯილი მიიწევს და რაც უფრო დრო გადის, ტიტულამდე მისასვლელი გზა სულ უფრო მოკლდება. ანტონიო კონტეს გუნდი ნამდვილად არ თამაშობს ფეერიულ და შთამბეჭდავ ფეხბურთს, მაგრამ თამაშობს - საჩემპიონოს.

„ნერაძურიმ“ 30-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ „კალიარის“ უმასპინძლა და პრობლემების გარეშე არ დაუმარცხებია, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მატჩის ბედი მატეო დარმიანის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 13 წუთით ადრე მოახერხა მეტოქის კარის აღება მას მერე, რაც მარჯვენა ფლანგზე აჩრაფ ჰაკიმმა გაილაღა. „ინტერს“ უკვე 74 ქულა აქვს და „მილანს“ ისევ 11 ქულით უსწრებს, სეზონის ფინიშამდე კი მხოლოდ 8 ტურია დარჩენილი.

ერთი საინტერესო დეტალი: „ინტერმა“ მეორე წრეში უკლებლივ ყველა (11) თამაში მოიგო და შესაბამისად, ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა. „ნერაძურიმ“ „მილანის“ მიერ 1989-1990 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი დაამხო, როდესაც „როსონერიმ“ მეორე წრის სასტარტო 10 თამაში მოიგო, მაგრამ ახლა ეს მიღწევა გაუმჯობესებული ვერსიით თანაქალაქელ „ინტერს“ ეკუთვნის.

ჩემპიონობას 9 წლის შემდეგ დაკარგავს „იუვეტუსი“, რადგან ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. ანდრეა პირლოს გუნდმა ამჯერად მოიგო, მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. „ბიანკონერიმ“ შინ „ჯენოას“ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 3:1 აჯობა და მეორეადგილოსან „მილანს“ ისევ ერთი ქულით ჩამორჩება.

სხვათა შორის, სერია A-ს 30-ე ტური საინტერესო შედეგით გამოირჩა: სატურნირო ცხრილის მოწინავე შვიდ პოზიციაზე მყოფმა შვიდივე გუნდმა იმარჯვა, რაც 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ ასევე შვიდმა მოწინავე გუნდმა 2016-2017 წლების სეზონის 25-ე ტურში მოიგო.

ამრიგად, ევროზონასა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ გუნდებმა აქტივი 3 ქულით გაამდიდრეს. წინ კიდევ რვა ტურია, ინტრიგა კი სკუდეტოსთვის ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, კიდევ ძალიან ბევრია.

„ინტერი“ – „კალიარი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დარმიანი (77)

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კულუშევსკი (4), 2:0 მორატა (22), 2:1 სკამაკა (49), 3:1 მაკკენი (70)

„სამპდორია“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (35), 0:2 ოსიმენი (87)

„ვერონა“ – „ლაციო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (90)

„რომა“ – „ბოლონია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მაიორალი (44)

„ფიორენტინა“ – „ატალანტა“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ძაპატა (13), 0:2 ძაპატა (40), 1:2 ვლაჰოვიჩი (57), 2:2 ვლაჰოვიჩი (66), 2:3 ილიჩიჩი (70, პენ)

თეგებისერია A
0.178682