რაგბი

12:57 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 12:13 აკადემია

გაწითლებულ დროზე სანდრო მარგიანმა ჯარიმა გაიტანა და თბილისის ‘აკადემიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მინიმალური სხვაობით, 13:12 სძლია.

„მხატვრებს“ ამ შეხვედრამდე 5-მატჩიანი წაგებების სერია ჰქონდათ, რითაც პოზიციები დათმეს, თუმცა ამ გამარჯვებამ ისინი ზედა ექვსეულში ლიდერების სიახლოვეს დატოვა.

„რაგბი პლატოზე“, „ნუცუბიძელთა“ დერბი ‘ყოჩების’ იერიშებით დაიწყო და ლაშა მალაღურაძემ საწყის 20 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა. ‘აკადემიამ’, რომელსაც მანამდე ერთი ჯარიმა გაუცუდდა, დაწინაურება 24-ე წუთზე მოახერხა. დერეფნიდან ბურთის სწრაფად შემოგდების შემდეგ, მათ ხელდახელ შეტევით 60 მეტრი იარეს და შეტევა ლელოთი საბა ილურიძემ დაასრულა, სანდრო მარგიანმა კი გარდასახა. 31-ე წუთზე მანვე ჯარიმა გაიტანა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აკადემია’ 10:6 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძემ ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ბოლნისელთა დაწინაურება ნიკოლოზ რეხვიაშვილს ორჯერ შეეძლო, მაგრამ შორეული ჯარიმები გაუცუდდა. ‘ყოჩები’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და თემო სოხაძემ 68-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ანგარიში 12:10 გახადა, რასაც ‘აკადემიას’ გააქტიურება მოყვა და სწრაფადვე შეძლეს ჯარიმის მოპოვება, თუმცა მარგიანს კარის წინ 32 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა.

79-ე წუთზე ‘ყოჩებს’ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო, მაგრამ სოხაძემ კუთხიდან, დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. უკვე გაწითლებულ დროზე ‘აკადემიამ’ თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიღო, კარის წინ 43 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავა, მარგიანმა ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საკუთარ გუნდს 13:12 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა ილურიძე გახდა. მისი ‘აკადემია’ 18 ქულით მესამე ადგილზეა, ‘ყოჩები’ კი 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

0.06435