მარნეულის ‘არმაზმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გამარჯვების ლელო უკანასკნელი შეტევისას გაუტანა და დაძაბულ ბრძოლაში 21:17 დაამარცხა, რითაც დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
‘ვეფხვები’ ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, რაც მათ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის ბრძოლაში დაეხმარებოდა, ასე კი, უშუალო კონკურენტს უკვე საგრძნობლად ჩამორჩა.
რუსთავში გამართული მატჩის პირველ ტაიმში, პატარძეულელებმა ორი ლელო გაიტანეს. ორივე შემთხვევაში მოლი 5 ქულით ლევან ჭავჭავაძემ დაასრულა, ნიკა ბეჟუაშვილმა კი ორივეჯერ გარდასახა. მანამდე ორჯერ და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ, ჯარიმები რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა.
48-ე წუთზე ლუკა მატკავამ ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი სანდრო კალმახელიძეს შეაყოლა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა მიზანს ასცდა და 67-ე წუთზე ბეჟუაშვილმა ჯარიმით ‘ვეფხვები’ კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა გაწითლებულ დროზე მარნეულელებმა ხელდახელ შეუტიეს, ნიკო ტაბაღუამ ლელო გაიტანა და ‘არმაზს’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 21:17.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მატკავა გახდა. მისი ‘არმაზი’ 18 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. ‘ვეფხვებს’ 7 თამაშიდან 10 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-5 პოზიციაზე რჩება.
შეგახსენებთ, ქვედა ექვსეულიდან პირველ ლიგაში ბოლო სამი გუნდი პირდაპირ ქვეითდება.