რაგბი

13:03 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბავშვთა რაგბის გუნდ ‘მართვეს’ ეწვია და როგორც თავად აღნიშნა, „მომავალ ბორჯღალოსნებთან“ ერთად ითამაშა.

კაპიტანსა და დამწყებ მორაგბეებს შორის, უხერხულობის მომენტი პრაქტიკულად მისალმებისთანავე გაიფანტა. გასახურებლად შარიქაძემ ბავშვებს რამდენიმე სახალისო ვარჯიში შეასრულებინა, რის შემდეგაც ასაკობრივი ნიშნით რამდენიმე 4-5-ბავშვიანი გუნდი ჩამოყალიბდა და თამაშები გაჩაღდა.

გუნდებს ერთის მხრივ ემატებოდა მერაბ შარიქაძე, მეორეს მხრივ ‘მართვეს’ მთავარი მწვრთნელი იოსებ ჯაფარიძე. თითოეულ გუნდს და შესაბამისად მორაგბეს, ორ-ორი თამაში მოუწია და შედეგად, რამდენიმე წუთით ყველა ბავშვი იყო შარიქაძის გუნდელი.

„ჩემთვის დღეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დღე. გავიცანი სასიამოვნო და ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც რეალურად აქვთ იმის შანსი, რომ დიდი რაგბი ითამაშონ და საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ. ვისიამოვნე მათთან თამაშით და იმედია, ბავშვებიც გაერთნენ“.

„ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სიხარულით დადიოდნენ ვარჯიშზე და ასეთი აქტივობები მათ ამაში ეხმარება. დრო რომ გავა, მერე რა თქმა უნდა დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკურ და სათამაშო ელემენტებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავიდანვე სწორად ისწავლონ სარაგბო ილეთები, რადგან ნათქვამია – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და მერე უფრო რთული იქნება არასწორად ნასწავლი ელემენტების გადაჩვევა. რაც მე დღეს ვნახე, ეს ბავშვები 100%-ით სწორედ ვითარდებიან, რისი თქმაც ამ გადასახედიდან დანამდვილებით შემიძლია და ეს მაძლევს იმედს, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს“ – თქვა შეხვედრის შემდეგ მერაბ შარიქაძემ.

იოსებ ჯაფარიძემ კაპიტანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნების სტუმრობა ბავშვებისთვის უდიდესი სტიმული და მოტივაციაა. აღსანიშნავია, რომ ‘მართვესთვის’ ბორჯღალოსნების სტუმრობა ერთგვარი ტრადიციაა და მას უკვე სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მამუკა გორგოძე, სოსო მათიაშვილი, მეკო კვირიკაშვილი და ნონო ანდღულაძე არიან:

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მერაბს, იმ სიხარულისთვის, რაც ბავშვებს და ყველა ჩვენთაგანს მიანიჭა. რამდენიმე დღის წინ, ეს ბიჭები ბორჯღალოსნებს რუმინეთთამ მატჩში სტადიონიდან ქომაგობდნენ, დღეს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ვარჯიშობდნენ, მისგან იღებდნენ დარიგებებს და ბოლოს ერთადაც კი ითამაშეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარია ყველა დამწყები მორაგბესთვის“.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მერაბს ბავშვებთან ძალიან კარგად გამოსდის კომუნიკაცია. ერთი მომენტი, თამაშისთვის რომ შეგეხედათ, შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ეს მათი პირველი შეხვედრა არ იყო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც დღეს კაპიტანთან შეხვედრით უბედნიერესები იყვნენ, ხვალ უფრო მონდომებულები და რაგბზე შეყვარებულები იქნებიან. ნაკრების ნებისმიერ მორაგბესთან თუნდაც წამიერი კომუნიკაცია, ნებისმიერი დამწყებისთვის უდიდესი მოტივაციაა“.

RUGBY.GE

0.134312