ტულის „არსენალის“ მცველი გია გრიგალავა სკანდალში გაეხვა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ის რუსეთის თასზე, მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელებს თავის გატეხვით დაემუქრა.
გრიგალავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. ინციდენტი კი საფინალო სასტვენის შემდეგ სტადიონის გვირაბში მომხდარა. როგორც Championat-ს წყარომ აცნობა, გრიგალავა და გიორგი აჯოევი, რომელსაც არ უთამაშია, ცსკა-ს მწვრთნელებს დაუპირისპირდნენ და მათ თავის გატეხვით ემუქრებოდნენ. მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი ცნობილი ხორვატი ფეხბუთელი ივიცა ოლიჩი გახლავთ. კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა.
თუმცა, შესაძლოა გრიგალავას სერიოზული სანქცია დაეკისროს. სპორტულმა იურისტმა არტიომ პაცევმა განაცხადა, რომ თუ ქართველი მცველისა და აჯოევის ბრალეულობა დადასტურდება, მათ შეიძლება ორწლიანი დისკვალიფიკაციაც კი დაემუქროთ. „თუ ეს ნამდვილად მოხდა, შესაძლებელია ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია სამი მატჩიდან ორ წლამდე ვადით“, - თქვა პაცევმა Championat-თან საუბარში.
მატჩი ცსკა-მ 2:1 მოიგო. „არსენალი“ იგებდა, მაგრამ შემდეგ მოსკოველებმა, რომლებმაც ბოლო 35 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშეს, ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც იზეიმეს.