ფეხბურთი

23:08 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ზედიზედ 10 მოგება, რეკორდი და დიბალას ეფექტური დაბრუნება

იტალიის სერია A-ში ორი გადადებული მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს კი „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დუელი იწვევდა, რადგან ამ თამაშს წინ ბევრი რამ უძღოდა.

თამაში მესამე ტურში 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ნეაპოლელები ტურინში კოვიდ-ინფიცირებული ორი ფეხბურთელის გამო არ ჩავიდნენ. პროტოკოლის დარღვევის გამო ჯენარო გატუზოს გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, მაგრაგამ მოგვიანებით აპელაცია დაუკამაყოფილეს და თამაშის ჩატარება გადაწყდა. მეორეს მხრივ უნდა ითქვას, რომ „იუვენტუსმა“ ორი კოვიდ-ინფიცირებულით ითამაშა (ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი), მაგრამ ამის გამო თამაშზე უარი უთქვამს.

ამას ემატებოდა სატურნირო მოტივაცია. „იუვე“ საშინელ სეზონს ატარებს და მავანთა მოსაზრებით თუ ამ შეხვედრას წააგებდა, ანდრეა პირლო უსამსახუროდ დარჩებოდა. ტურინელები და ნეაპოლელები თამაშს 56-56 ქულით შეხვდნენ, ჩემპიონთა ლიგის ზონის ზღვარზე და ბუნებრივია სასწორზე ბევრი რამ იდო.

თუმცა, „იუვენტუსმა“ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. ანგარიში მალევე გაიხსნა, მე-13 წუთზე. ფედერიკო კიეზამ მარჯვენა ფლანგზე ფანტასტიკურად ითამაშა და კრიშტიანუ რონალდუს გოლის გატანის გარდა, სხვა შანსი არ დაუტოვა. მანაც ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შესანიშნავი იყო 43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც არაერთი სეივი შემოგვთავაზა. 73-ე წუთზე კი „იუვემ“ უპირატესობა გაზარდა. გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომელიც ტრავმის შემდეგ მინდორზე ზუსტად 3-თვიანი პაუზს მერე დაბრუნდა და თამაშში ჩართვიდან 4 წუთში გაიტანა. „ნაპოლიმ“ ბოლოს ლორენცო ინსინიეს პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.

„იუვენტუსმა“ 59 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე აღზევდა და „მილანს“ კინკილა ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ინტერთან“ სხვაობა კი პრაქტიკულად აღმოუფხვრელია - 12 ქულა. პირლოს გუნდს სიფრთხილე მართებს, რადგან იმავე „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, რომელიც მეხუთე ადგილზე, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.

„ინტერი“ კი ჩემპიონობისკენ თავქუდმოგლეჯილი მიიწევს. ანტონიო კონტეს გუნდმა უკვე ზედიზედ მეათე თამაში მოიგო, რაც საოცარი სერიაა. „ნერაძურიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 2:1 დაამარცხა. რომელუ ლუკაკუმ დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, რასაც მეორე ტაიმის შუაწელსლაუტარო მარტინესმა სხვაობა გააორმაგა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სტუმრებმა ერთ გოლი გაქვითეს, შედეგზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია. „ინტერს“ 71 ქულა აქვს და ნანატრ სკუდეტომდე და 11-წლიანი აბსოლუტურად უტიტულო პერიოდის დასრულებამდე ძალიან ცოტა აკლია. სხვათა შორის, „ინტერი“ პირველი გუნდია სერია A-ში, რომელმაც 3 ქულის ეპოქაში (1994 წლიდან) მეორე წრეში საწყისი 10-ვე თამაში მოიგო...

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:0)

ტურინი „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (მაკკენი 69), ბენტანკური, რაბიო, კიეზა (არტური 80); რონალდუ, მორატა (დიბალა 69)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ნაპოლი“ (4-2-3-1): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, ჰისაი (მარიო რუი 76); დემე (ოსიმენი 54), ფაბიან რუისი (პეტანია 89); ლოსანო (პოლიტანო 54), ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (ელმასი 76)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 რონალდუ (13), 2:0 დიბალა (73), 2:1 ინსინიე (90, პენ)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (54) - კულიბალი (22), რაჰმანი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

„ინტერი“ – „სასუოლო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (10), 2:0 ლაუტარო მარტინესი (67), 2:1 ტრაორე (85)

0.269089