თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში ლევან შენგელიას „ქონიასპორმა“ საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1), შენგელიამ კი გოლი გაიტანა.
არცერთი ქართველი ძირითადში არ იყო. ლევანი ქონიელთა სასტარტოში ბოლო დროს პრაქტიკულად ვეღარ ხვდება, საბას შემთხვევაში კი ცოტა გასაკვირი გახლდათ, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ამის მიუხედავად, ლობჟანიძე მინდორზე მხოლოდ 89-ე წუთზე გამოჩნდა, რაც შეეხება შენგელიას, ის 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
ზუსტად ერთ წუთში ალიუ ბაჯიმ ანკარელები დააწინაურა, რასაც ლევანმა 76-ე წუთზე უპასუხა. ის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. 25 წლის ქართველ შემტევს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი, საბა ლობჟანიძემ კი 31 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„ქონიასპორი“ 31 თამაშში მოპოვებული 40 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ანკარაგიუჯუს“ 33 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.