საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „დინამო თბილისი“ ზესტაფონში ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და დამაჯერებლად იმარჯვა.
მასპინძლებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეორე ტაიმში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზღვისპირელთა გატეხვა მოახერხა.
ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 20 წუთში კი გიორგი კუციას პასით თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისმა“ 16 ქულა დააგროვა და ლიდერია, მომდევნო ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლებს, „შუქურა“ კი 8 ქულით მეხუთე ადგილზეა და „საბურთალოს“ 11 აპრილს შეხვდება.
„შუქურა“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გაბედავა (65, პენ), 0:2 ახვლედიანი (84)