საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთის ნაკრებთან (0:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ შედეგის გამო იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ მომავალს იმედით უყურებს და სჯერა, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში პროგრესი იქნება.
„ასეთ მოკლე დროში თამაშის შეფასება ცოტა რთულია, საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ შვედეთმა გამოიყენა და აქედან გამომდინარე უკეთესი გუნდი იყო. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მათ ყველაფერი გაიღეს. მოედანზე ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, მაგრამ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და ვულოცავ მოგებას. შეგვიძლია მომავალზე აქცენტის გაკეთება, ამიტომ ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან წინ ძალიან მალე ესპანეთთა მატჩია. ასე თუ გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
დიახ, საგოლე შანსები გვქონდა. ქვილითაიას მატჩის დასაწყისში და ბოლოს შენგელიას, სამწუხაროა, რომ ასეთი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ და მომავალ თამაშზე ვიფიქროთ. მოსამზადებლად მხოლოდ ორი ვარჯიში გვქონდა. საქართველო საკმაოდ შორსაა სხვა ქვეყნებისგან, ბევრი ლეგიონერი გვყავს, რომლებმაც სამშობლომდე ბევრი იფრინეს, შემდეგ აქ ჩამოვფრინდით და ახლა ისევ უკან უნდა გავფრინდეთ. ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ და გვინდა ძლიერი გუნდი შევქმნათ. შვედეთთან თანაბრად თამაშს ვცდილობდით, იმედგაცრუებულები ვართ შედეგით, მაგრამ მომავლის იმედი გვაქვს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას 28 მარტს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ კედლებში საბერძნეთს ვერ მოუგო (1:1).