მაიკ ტაისონსა და ევანდერ ჰოლიფილდს შორის ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკება ჩაშლის პირასაა. მხარეები პირობებზე შეთანხმებას ვერ აღწევენ, რის გამოც, მოლაპარაკება ჩიხშია შესული.
ჰოლიფილდის ბანაკი აცხადებს, რომ ტაისონის მხარე უარს ამბობს 25 მილიონ დოლარიან გარანტიაზე. ეს კი საჩვენებელ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. წინასწარი ვარაუდით, ტაისონი მორიგ ბრძოლას 29 მაისს, მაიამიში გამართავს და ჰოლიფილდი ყველაზე სასურველ მეტოქედ მოიაზრება.
„მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ჯერჯერობით ბრძოლას ჩაშლილად არ აცხადებენ, ფაქტია, რომ მოლაპარაკება შეჩერებულია. ეს იმ დროს, როცა ბრძოლის თარიღი ახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლა შეიძლება გეგმის შესაბამისად არ გაიმართოს“, - ამბობს ჰოლიფილდის ბანაკი.
ტაისონის სიძე აზიმ სპაისერი, ვინც ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებებს უძღვება, ამბობს, რომ ბრძოლა პრაქტიკულად ჩაშლილია: „მაიკისთვის 25 მილიონი არავის შეუთავაზებია. მაიკს მათთან აღარაფერი ესაქმება. ჩვენ დავამთავრეთ“.
მაგრამ აზიმი დასძენს, რომ ბრძოლა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ჰოლიფილდი მოგების შუაზე გაყოფას დათანხმდება. ამ მოგებაში მოიაზრება შეხვედრის სატელევიზიო ჩვენების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
ცნობისათვის, 54 წლის ტაისონის და 51 წლის როი ჯონს უმცროსის საჩვენებელი ბრძოლის სატელევიზიო ჩვენების შემოსავალმა 80 მილიონ დოლარს მიაღწია.
სანამ ტაისონი ჯონსთან ბრძოლის კონტრაქტს გააფორმებდა, მას მოლაპარაკება ჰოლიფილდთან ჰქონდა. ტაისონის მხარემ ჰოლოფილდს 10 მილიონი დოლარის გარანტია და მოგების შუაზე გაყოფა შესთავაზა, მაგრამ როგორც სპაისერი ამბობს, ჰოლიფილდმა 25 მილიონის გარანტია მოითხოვა. ამას მოლაპარაკების ჩაშლა მოჰყვა. ის ჯონსთან ბრძოლის შემდეგ განახლდა. მაგრამ როგორც ჩანს, ფინანსურ მხარეზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.
„ჰოლიფილდი 58 წლისაა, ეს მხოლოდ საჩვენებელი ბრძოლა უნდა იყოს. ეს ვერ იქნება რეალური ბრძოლა. ეს არაა ჰოლიფილდ-ტაისონი 3. ორივე 50 წელზე მეტისაა. მათ საჩვენებელ შეხვედრაში ორწუთიანი რაუნდების გამართვა მოუწევთ. დიდი ხელთათმანებით. ამას სხვა ფასი აქვს, ხომ გესმით“, - ამბობს სპაისერი.
მისგან განსხვავებით, ჰოლიფილდს მხარე შესაძლო ბრძოლას ტაისონ-ჰოლიფილდ 3-ს, ტრილოგიის ფინალს უწოდებს, კრივის ისტორიის ორ ლეგენდას შორის დიდი მეტოქეობის ბოლო შეხვედრას.
სპაისერი ამბობს, რომ ტაისონს სურს, რომ რინგზე სულ ცოტა, კიდევ ერთხელ ავიდეს. ამიტომ ის რამდენიმე შესაძლო მეტოქესთან აწარმოებს მოლაპარაკებას. სპაისერი მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
„ჰოლიფილდმ ყველაფერი გააფუჭა. მას კვლავ რინგის მიღმა დარჩენა მოუწევს“, - ამბობს სპაისერი.