ფეხბურთი

20:08 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე იტირა: "ჩემი მიზანია დაგიმტკიცოთ, რომ მოედანზე სხვა ასაკი მაქვს"

ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს შეუერთდა და პრესკონფერენცია გამართა. მან ნაკრებში დაბრუნების შესახებ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის დახმარება სურს.

პრესკონფერენციის ბოლოს ზლატანმა ცრემლებიც ვერ შეიკავა, როდესაც შეკითხვა ოჯახის შესახებ დაუსვეს:

„აქ იმისთვის არ ვარ, რომ ზლატანი ან იბრაჰიმოვიჩი ვარ. მინდა, გუნდში ჩემი წვლილი შევიტანო და ნაკრებს დავეხმარო. სანამ თამაში და შედეგების ჩვენება შემიძლია, თამაშს გავაგრძელებ. არ ვიცი, ეს ერთი წელი იქნება თუ 10, მაგრამ სანამ შევძლებ, გპირდებით, რომ გავაგრძელებ. მსოფლიოს ჩემპიონატზე 41 წლის ასაკში თამაში? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თავს როგორ ვიგრძნობ და რა მდგომარეობაში ვიქნები. თუ ისეთ ფიზიკურ კონდიციაში ვიქნები, როგორც ახლა, შეიძლება. თქვენ თქვით, 41 წლის... ჩემი საქმეა დაგიმტკიცოთ, რომ მოედანზე 41 წლის არ ვარ. წინასწარ ამის დაგეგმვა ჩემთვის სახიფათოა, მაგრამ თუ კარგად ვიქნები, ვითამაშებ.

იანე ანდერსონს მილანში შეხვდი და მარტოებმა ვისაუბრეთ ყველაფრის შესახებ. ეს ეხებოდა მის ხედვას, ჩემს პოზიციას. მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. საბოლოოდ, ყველაფერი იქამდე მიდის, შვედეთისთვის საუკეთესო რა არის. მან იცის რა არის საუკეთესო და მეც ვიცი რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის.

მუხლის სერიოზული ტრავმა მქონდა „მანჩესტერში“ და მოურინიოს ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი. შემდეგ „გალაქსისში“ ფორმა დავიბრუნე და ჩემს აგენტს დავურეკე, მე ვკითხე ,ვის ვჭირდებოდი ყველაზე მეტად და „მილანს“ დაურეკა. ახლა „მილანში“ ვარ და ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე ვთამაშობ. ახალგაზრდულ გუნდში ვარ, სადაც ლიდერი ვარ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ მომწონს გამოწვევები და შემიძლია ეროვნული ნაკრების წევრიც ვიყო. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო და გუნდს დავეხმარო. აქ ვარ, რათა გუნდს დავეხმარო, იანე ფიქრობს, რომ შვედეთში საუკეთესო ვარ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, საუკეთესო მსოფლიოში ვარ. კონფლიქტი ანდერსონთან? რაც მოხდა, მოხდა, წარსულში ყურებას აზრი არ აქვს. როგორც ვთქვი, იანე ფიქრობს, რომ შვედეთში საუკეთესო ვარ და მეც აქ ვარ გუნდის დასახმარებლად. ერთი სული მაქვს გუნდთან ვარჯიში დავიწყო, ოღონდ ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩემს ასაკზე ნუ ისაუბრებენ, მეც მათსავით ახალგაზრდა ვარ.

11 ნომრით ვითამაშებ. ალექსანდერ ისაკმა ნომერი დამითმო, მაგრამ მთხოვა, რომ 6-7 წლის მერე დავუბრუნო, როდესაც კარიერას დავასრულებ. ემილ ფორსბერგიც მზად იყო 10 ნომერი დაეთმო, მაგრამ 11 მირჩევნია. კაპიტნობა? ნაკრების კაპიტანი გრანქვისტია და შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ იანე გადაწყვეტს, მე მზად ვარ. როგორი რეაქცია ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრებს? ეს არც ისე კარგი კითხვაა. ჩემი შვილი ვინსენტი აქ იყო და ტირილი დაიწყო, როდესაც დავტოვე, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, რიგზეა...“, - თქვა ცრემლნარევმა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შვედეთს სტოქჰოლმში 25 მარტს დაუპირისპირდება. ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია და მის აქტივში 116 სანაკრებო შეხვედრაში 62 გოლია.

0.130066