მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსული მედია გამოცდილ სპეციალისტს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ხვიჩას ტურინის „იუვენტუსი“ და „მილანი“ აკვირდებიან.
„ის ახლა პროგრესირებს და შესაძლოა, თუ კარგი შემოთავაზება იქნება, გუნდი დატოვოს, თუ მასში კარგ ფულს გადაიხდიან. ეს ნორმალური სიტუაციაა. ის 20 წლისაა, ამ ასაკში უნდა ითამაშო. იგივე ჰოლანდი „დორტმუნდში“ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ხვიჩას მიმართ ინტერესი რომ არსებობს, ეჭვი არ მეკარება.
20 წლის ფეხბურთელისთვის „იუვენტუსი“ ნაადრევია? ეს ნორმალური ასაკია, როდესაც სხეული იღებს დატვირთვას და ეგუება სხვადასხვა სიტუაციებს. კონკურენცია „იუვეში“? თუ შემოთავაზება არსებობს, ის უნდა მიიღონ. სხვა საკითხია, რამდენად უნდა კონკრეტული გუნდის მწვრთნელს მისი ტრანსფერი. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს შეეფერება თუ არა მისი სტილი გუნდის სიტილს. ხვიჩამაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა.
ვფიქრობ, რომ „რუბინი“ გაუშვებს. მათ ასეთი ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული. სლუცკის გუნდი პროგრესირებს, მოთამაშეები უკეთესები გახდნენ. ეს შიშველი თვალითაც ჩანს - გუნდი შესანიშნავია. ეს სლუცკის დიდი დამსახურებაა, დასაწყისი რთული აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ყველა ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს“, - თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები კვარაცხელიას 25 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩში დააკვირდებიან. ხვიჩას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.