რაგბი

16:55 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მორაგბეები: „დავრწმუნდით, რომ სამართალი ზღაპრებში დარჩა“

ვეტერანი მორაგბეების ნაწილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებენ - განცხადება დღეს პალიკო ჯიმშელაძემ და ილია ზედგინიძემ გააკეთეს.

მათი განცხადებით, არ შეეგუებიან უკანონობას, რომელიც ყრილობაზე დაფიქსირდა და საქმის იურიდიულად მოგებას გეგმავენ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს იურიდიული დავა საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს. ვეტერანები ამბობენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული და სასამართლო დავის გარდა, პროტესტი სხვადასხვა კუთხით გაგრძელდება.

„დავინახეთ გუშინ რა რაოდენობით ძალოსანი სისტემა იყო მობილიზებული. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მცირე ჯგუფზე, რომელ მცირე ჯგუფსაც ჩვენ მიგვაწერეს. ჯგუფი, რომელიც რაგბს ანგრევს და ამ ჯგუფში შევდივართ ჩვენ, მე ილია და ის ბიჭები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ასევე ის ბიჭები, ვინც საფრანგეთში არიან. ვინც საელჩოში შეიტანა წერილი, და მათი თქმით ისეთი დესტრუქციული ძალა ვართ, რომ ამ მცირე ძალისთვის დასჭირდათ 2000 და მეტი ძალოვანი, დარბაზში შეკრებილი სპეცრაზმი და ა.შ.

მთლიანობაში, დავრწმუნდი, რომ სიმართლე და სამართალი ზღაპრებში დარჩა. სრული უსამართლობა მოხდა. არის იურიდიული მხარე, რომელსაც წამოვიწყებთ. ჩვენგანაც მოხდა დარღვევები, რომელზედაც იმუშავეს იურისტებმა. უკვე შეტანილია სარჩელი დარღვევებზე. იქ არის რამდენიმე პუნქტი, სადაც წესდებიდან იყო გადახვევა, თუნდაც ხმის დათვლაში. ვეცდებით ბოლომდე გავიტანოთ სიმართლე, რისი იმედიც ძალიან ცოტა გვაქვს, რადგან ყველაფერი მათ ხელშია. არის ასევე სპორტული მხარე და კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მთლიანად რაგბის საზოგადოებამ უნდა გაიგოს მომხდარის შესახებ.

რაც შეეხება 7 თვის ბავშვის ამბავს - ვნახე ბატონი სოსო ტყემალაძის გამოსვლა, სადაც მან ვიდეო გაავრცელა. აქ არის 31 დეკემბრის გადარიცხვის ქვითარი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ქედას ერთ-ერთ წარმომადგენელზე. მასზე იყო ზეწოლა. რომელიც არ უნდა მოსულიყო 31-ში, რომ ქვორუმი არ შემდგარიყო და გუშინ ტყემალაძეს ქონდა ეს ვიდეო და სათავისოდ ატრიალებდა. ძალა მათ ხელშია და შეუძლიათ აღნიშნულ ამბავს ბევრი რამე მიაწერონ. გადარიცხვა კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ 7 თვის ბავშვს ესაჭიროებოდა გულის ოპერაცია, დაფინანსება კი იყო გაჩერებული და ჩვენ 31-შივე შევაგროვეთ 5300 ლარი, რომელიც გადავურიცხეთ მას. შეიძლება ეს ქრთამს მიაწერონ მაგრამ სიმართლე ხომ იციან რაც არის“, - თქვა ჯიმშელაძემ.

„იურიდიული საკითხი შესაძლოა მხოლოდ საქართველოში არ იყოს, არამედ გასცდეს ქვეყნის ფარგლებს. გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერით შევძლებთ მივაღწიოთ სამართალს. ვეცდებით ყველანაირი გზით ვიბრძოლოთ.

სოსომ პირადადაც შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მაშინვე ვუპასუხე, რომ ამ ფორმით ჩვენი თანამშრომლობა ვერ მოხდება. თვითონ სოსოს რაც შეეხება, ვფიქრობ, ის გენერალი არ არის და შესაძლოა ჯარისკაცი იყოს, რომლის უკანაც აშკარად რაღაც ან ვიღაც დგას.

არ არის აუცილებელი პრეზიდენტი მორაგბე იყოს, მთავარი არის, რომ ის მორაგბეებმა აირჩიონ. გუშინ კი ყველაზე გულდასაწყვეტი ის გახლდათ, რომ ხმები იკარგებოდა უკანონოდ.დიდი ხანია რაგბის ოჯახი გაყოფილია, რადგან 80% არის აბუსერიძის მხარეს, 20% კი ტყემალაძის მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტყემალაძე პრობლემის მოგვარებას ცდილობს, პირიქით დაემატა, რადგან არ იყო ყველაფრის თანაბრად გაყოფა, ზოგიერთი კლუბი იყო პრივილეგირებული. არ იყო გამჭვირვალე პროცესი, არ ჩანდა ფინანსური მიმართულება თუ რა და სად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ სიმართლის გასათანად“, - განაცხადა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს გამართულ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო, რომელსაც მხარი 25-მა დელეგატმა დაუჭირა, რაც 42 ხმის მიცემის მქონე სუბიექტს გულუსხმობს და აღნიშნული პოსტი მომდევნო 4 წლის ვადით ჩაიბარა. ახლა ჯერი საჯარო რეესტრზეა, თუმცა ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები საკითხთან შეგუებას არ აპირებენ და საქმის სასამართლოში განხილვას აპირებენ.

0.112791