გერმანული „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი „ლივერპულთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვამ გააბრაზა. მას გერმანიის ნაკრებში იურგენ კლოპის შესაძლო დანიშვნაზე ჰკითხეს, რამაც ნაგელსმანის გაბრაზება გამოიწვია.
„მაპატიეთ, თუ ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და მე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც აქ იმყოფება და გერმანიის ნაკრების მომავალ მწვრთნელზე უნდა იფიქროს. დაჯერებაც მიჭირს, რომ ასეთი ტიპის კითხვა დამისვით. არ გიპასუხეთ, მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე ვიმყოფებით. იურგენი საოცარი მწვრთნელია, არ ვფიქრობ, რომ მასსა და ლივერპულს შორის ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. მართლა არ მესმის ამ კითხვის შინაარსი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა ჰკითხოთ, რადგან ჩემი პრობლემა არ არის, ვინ იქნება გერმანიის ნაკრების მომდევნო მწვრთნელი. ფედერაციაში დასაქმებულნი არიან ადამიანები, რომლებმაც ეს არჩევანი უნდა გააკეთონ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ იოჰაიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობდა და „ბუნდესნაკრებს“ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოაგებინა. მანამდე „იოგი“ 2004-2006 წლებში გერმანიის ნაკრებში იურგენ კლინსმანის ასისტენტიც იყო. მის მემკვიდრეთ შორის ფავორიტად იურგენ კლოპი სახელდება, რომელმაც შესაძლოა, ლივერპული დატოვოს, რადგან ინგლისური გუნდი კრიზისში იმყოფება და ეს თემა აქტიური ხდება. კლოპის ინგლისიდან წასვლას ის ფაქტიც ამყარებს, რომ „წითლების“ ლეგენდის სტივენ ჯერარდის სამწვრთნელო კარიერ აღმავლობის გზას ადგას და ბევრი თვლის, რომ კლოპს „სტივი ჯი“ შეცვლის.