საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდი ესპანურ „ბარსელონეტას“ გაეჯიბრა და პირდაპირ ვთქვათ - წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
პირველი ტაიმი ისე დასრულდა, რომ „დინამომ“ გოლიც ვერ გაიტანა: პირველი პერიოდი 0:3 და მეორე 0:4 წააგო. ცხადია, მატჩის ბედიც აქ გადაწყვეტილი იყო და მეორე ნახევარს აბსოლუტურად ფორმალური სახე მიეცა.
თუმცა შესვენების შემდეგ „დინამო თბილისი“ უკეთ ათამაშდა, მეოთხე პერიოდი არ დაუთმია და საბოლოოდ, 6:14 დამარცხდა. „დინამოს“ რიგებში დუბლი ბორის ვაპენსკიმ შეასრულა, ხოლო თითოჯერ თავის გამოჩენა დუშან ვაშიჩმა, სანდრო ადეიშვილმა, ანდრია ბითაძემ და ბესარიონ ახვლედიანმა მოახერხეს.
დეიან სტანოევიჩის გუნდი 7 ტურის თავზე 1 მოგებით, 6 წაგებით და შესაბამისად 3 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „იადრანთან“ და „ვასპო ჰანოვერთან“ ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 20 აპრილს, „იადრანის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც საქართველოს ჩემპიონმა პირველ წრეში 11:8 მოიგო.
„დინამო თბილისი“ – „ბარსელონეტა“ 6:14 (0:3, 0:4, 3:4, 3:3)