საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრები, რუმინელმა სპეციალისტმა სანდუ ფლორინ იაკობმა ჩაიბარა. ინფორმაცია საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
"ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი გავაკეთო საქართველოსთვის, რომელიც უკვე ძალიან მომწონს. მომწონს ის სათამაშო სტილი, რომელშიც ახალგაზრდა მოთამაშებს მეტი შანსი ეძლევათ", - განაცხადა რუმინელმა.
43 წლის სპეციალისტს დიდი გამოცდილება აქვს. მან სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ხოლო შემდგომ „ვასლუიში“, „კონსტანტაში“, „ფოკსანში“, ბუქარესტის „სტიაუასა“ და „ბაკაუში იმუშავა“. „კონსტანტასთან“ ერთად 2017-2018 წლების სეზონში რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა. მისმა გუნდმა ფინალში „ტიმიშოარა“ 23:21 დაამარცხა.
სანდუ იაკობმა მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, რუმინეთის ეროვნულ გუნდში 154 მატჩი ჩაატარა და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.