უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო 2021 წლის ძიუდოს გრან სლემმა, რომლის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა.
60 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ჯაბა პაპინაშვილი გავიდა, რომელმაც საწყისი ორი შეხვედრა ყირგიზ ოთარ ბეცაევსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში ყაზახ იელდოს სმეტოვთან მარცხი განიცადა. ჯაბამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტაჯიკ შაჰბოზე საიდუბაროროვს ვერ გაუმკლავდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
ქალთა შორის, ტატიანა ლევიცკა-შუკვანს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმის გამო სამხრეთ კორეელ ბოკიეონგ ჯეონგს ვერ გაეჯიბრა და მარცხი ჩაეთვალა, შესაბამისად, ტურნირს გამოეთიშა.
ხვალ ტაშკენტის გრან სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - 73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს გაეჯიბრება, 81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილის მეტოქე ტაჯიკი ხაკნაზარ ნაზაროვი იქნება, ხოლო ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიას პირველი შეხვედრა უზბეკ შოხისტა ნაზაროვასთან ელოდება.