ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა სტუმრად თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 84:80 აჯობა. არადა, რუსულმა გუნდმა მეორე პერიოდში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და წესით ადვილად უნდა ემარჯვა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ „მაკაბის“ კალათბურთელებმა სხვაობა ლამის აღმოფხვრეს.
თორნიკე შენგელიამ 21:08 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9 აღმოჩნდა.
მოსკოველთა რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და მატჩის MVP დამსახურებულებად გახდა.
მოსკოვის ცსკა ევროლიგაში 18 მოგებით და 8 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება. მომდევნო ტურში რუსული გუნდი 4 მარტს, სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ შეხვდება.