ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალი გაიხსენა, როდესაც ისტორიაში ერთადერთხელ გადამწყვეტ მატჩში იტალიური გუნდები დაუპირისპირდნენ.
მაშინ კოსტაკურტას „მილანმა“ იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ დაამარცხა. უგოლო 120 წუთის შემდეგ ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „როსონერიმ“ 3:2 იმარჯვა და „იუვემ“ იმ დღეს ისტორიაში მეხუთე ფინალი წააგო. ტურინელებმა ფინალი ლიდერის, პაველ ნედვედის გარეშე ითამაშეს, რაც დიდი დანაკლისი იყო.
ჩეხი იმ სეზონში ბრწყინავდა და წლის ბოლოს France Football-ისგან „ოქროს ბურთიც“ მიიღო. თუმცა, ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ (3:1)მოგებული მატჩის 89-ე წუთზე პაველმა მოედნის ცენტრში სრულიად უწყინარ სიტუაციაში სტივ მაკმანამანი წააქცია და შვეიცარიელმა მსაჯმა ურს მაიერმა ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც დისკვალიფიკაციის ტოლფასი იყო.
გუნდის ლიდერის გარეშე დარჩენილმა „იუვენტუსმა“ „მილანი“ ვერ დაამარცხა, არადა იმ სეზონში ტურინელები იტალიის ჩემპიონებიც გახდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მილანზე“ გაცილებით რთული გზა განვლეს („ბარსელონა“ და „რეალი“).
„იუვეს“ ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო და ეს გახლდათ თამაში მეგობრებს შორის, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი თასისთვის ვთამაშობდით. ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ ნედვედი რომ ყოფილიყო, სხვა თამაში იქნებოდა“, - თქვა „ბილიმ“ Sky Sport-თან.