ფეხბურთი

16:59 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ფინიში: ბრაზილიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ "ფლამენგო" გახდა (+VIDEO)

„ფლამენგო“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, ისტორიაში მერვედ და ზედიზედ მეორედ. სერია A-ს დრამატული ფინიში ჰქონდა, „მენგომ“ ბოლო ტურში წააგო, მაგრამ გაჩემპიონება მაინც მოახერხა.

ბოლო ტურის წინ „ფლამენგო“ კონკურენტ „ინტერნასიონალს“ 2 ქულით უსწრებდა და „სან პაულუს“ ესტუმრა, რომელთანაც გამარჯვება გარანტირებულად გააჩემპიონებდა, მაგრამ წააგო 1:2. შესაბამისად, „ინტერნასიონალის“ შედეგზე გახდა დამოკიდებული.

პარალელურად პორტუ ალეგრელები შინ „კორინთიანსს“ მასპინძლობდნენ და 3 ქულა ჩემპიონობის ტოლფასი იყო. თუმცა, „ინტერნასიონალმა“ მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა და ნულოვან ფრეს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ „ფლამენგოს“ თამაში ცოტა უფრო ადრე დასრულდა და ფეხბურთელები პირდაპირ მოედნიდან ტელეფონის მეშვეობით უყურებდნენ „ინტერნასიონალი“ – „კორინთიანსის“ შეხვედრას.

საბოლოოდ, „ფლამენგო“ 71 ქულით ჩემპიონი გახდა და 1 ქულით აჯობა „ინტერნასიონალს“, მესამე ადგილი „ატლეტიკო მინეიროს“ ერგო (68 ქულა), ხოლო ოთხეულში „სან პაულუც“ მოხვდა. ქვედა ლიგაში ისეთი ისტორიული ბრაზილიური გუნდები გავარდნენ, როგორებიც „ვასკო და გამა“, „გოიასი“, „კურიტიბა“ და „ბოტაფოგო“ არიან.

აქვე გეტყვით, რომ „ფლამენგომ“ შარშან ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი ჟორჟე ჟესუსის ხელმძღვანელობით მოიგო, ამჟამად კი გუნდი ბრაზილიაში როჟერიო სენის თავკაცობით გაჩემპიონდა.

0.141386