კალათბურთი

13:30 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. სერბ სპეციალისტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს 7 წლის მანძილზე (2008-2015) წვრთნიდა, ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული და შედეგიანი სამსახური დაუფასდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართული სპორტული საზოგადოების სახელით მადლობას უხდის ბატონ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული სამსახურისთვისა და ჩვენი გულშემატკივრების არაერთგზის გახარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კოკოშკოვის ხელმძღვანელობით პირველივე ცდაზე მოახერხა მანამდე წლების მანძილზე მიუღწეველ მიზნამდე მისვლა: 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის “ბ” დივიზიონში 15 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა და ელიტარულ „ა“ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2009-2011 წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზა და არსებობის ისტორიაში, პირველად, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, 2011, 2013 და 2015 წლებში, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ორჯერ (2011 და 2015 წლებში) მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. 2015 წელის ევრობასკეტზე საქართველომ მერვედფინალში დიდი ბრძოლა გაუმართა ლიტვას და ბოლო წამებზე – 81:85 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის დამსახურებული მწვრთნელის ჯილდო სერბეთი-შვეიცარიის მატჩის წინ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა, ფიბა-ს აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) წევრმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცეს.

GBF.GE

0.116617