ფეხბურთი

16:12 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქავთარაძემ რუსულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა

თბილისის „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბექა ქავთარაძე კარიერას რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელებს. 21 წლის შემტევი თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ემზადებოდა, ახლა კი კონტრაქტი გაუფორმეს.

„ბექამ მოსამზადებელ ეტაპზე თავი კარგად წარმოაჩინა. გვჯერა, რომ ის ჩვენი გუნდის შეტევის ხაზს გააძლიერებს და ვფიქრობთ, სატრანსფერო კამპანია წარმატებით დავასრულეთ“, - თქვა „ნიჟნი ნოვგოროდის“ გენერალურმა დირექტორმა რავილ იზმაილოვმა.

„ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის პირველ დივიზიონში თამაშობს, სადაც ლიდერია და შესაბამისად, პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის, თანაც ძალიან კარგი შანსი აქვს. ამ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ლეო გოგლიჩიძე იცავს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ბექა ქავრთაძემ გასულ სეზონში „საბურთალოს“ მაისურით ეროვნულ ლიგაში 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რუსთავში“, „დინამო თბილისსა“ და 35-ე სკოლაში თამაშობდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ბექას 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.116398