ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშება განახლდა და მერვედფინალში პირველი-ორი მატჩი გაიმართა. ერთი ბარსელონაში და მეორე - ბუდაპეშტში.
გამორჩეულად საინტერეოს იყო „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირება. ბოლო დროს რონალდ კუმანის გუნდი ლა ლიგაში ჩინებულადაა ათამაშებული და მატჩის წინ კუმანმა ისიც თქვა, რომ ეს მატჩი ჩვენთვის კარგ პერიოდს დაემთხვა, ახლა ჩვენზე ძლიერი გუნდი არ მეგულებაო. ამას ისიც დაემატა, რომ პარიზელებს ტრავმის გამო ნეიმარი დააკლდათ.
თუმცა, არ დააკლდათ კილიან მბაპე, რომელმაც „კამპ ნოუზე“ შოუ დადგა! ფრანგმა შემტევმა გაიბრწყინა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის მესმაე ფეხბურთელია ფაუსტინო ასპრილიასა და ანდრე შევჩენკოს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსას“ ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანა. თუმცა, სანამ მბაპე-შოუს ვნახავდით, მანამდე „ბარსელონა“ დაწინაურდა. ფრენკი დე იონგის მოპოვებული პენალტი ლიონელ მესიმ გაიტანა და ანგარიში გახსნა. თუმცა, კატალონური გრანდი სულ რაღაც 5 წუთი იგებდა. მერე მბაპემ სუპერგოლი გაიტანა და გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, არა მარტო ამ მატჩში, არამედ ზოგადად, წყვილში.
მბაპემ ორჯერ აიღო მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი, შუალედში მოიზე კინმაც გაიტანა და 1:4! რა შანსი აქვს პარიზში ამ „ბარსელონას“? რასაკვირველია - არანაირი... ასეა, „ბარსელონაში“ პრობლემა ბევრია და ფაქტია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ახლა მის ძალებს აღემატება. სხვათა შორის, კუმანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე საშინაო თამაში წააგო სამბურთიანი სხვაობით (მანამდე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ 0:3 დამარცხდა). „პარი სენ ჟერმენმა“ კი 2017 წელს განცდილი 1:6 მარცხისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულფასოვანი რევანში აიღო და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
დღის მეორე მატჩში ბუდაპეშტში „ლაიპციგმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. პრემიერლიგაში ზედიზედ 3 წაგებით გამწარებულმა იურგენ კლოპის გუნდმა გერმანელებს შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ლაიპციგს“ მეტოქისთვის ტოლი არ დაუდია, კლასმა თავისი გააკეთა. „ლივერპულმა“ მეოტქეს ორი უხეში შეცდომა არ აპატია და ჯერ მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, მერე სადიო მანემ და 2:0 საპასუხო მატჩის წინ სერიოზული უპირატესობაა.
აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის მეორე მატჩები 11 მარტს გაიმართება. თუმცა, დღეს დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტრიგა პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„ბარსელონა“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:4 (1:1)
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; დესტი (მინგესა 71), პიკე (პუჩი 79), ლენგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი (პიანიჩი 79), პედრი (ტრინკაუ 79); დემბელე, მესი, გრიზმანი (ბრაითვაითი 85)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი - ფლორენცი (კერერი 89); მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; გეიე (ერერა 46), პარედესი; კინი (დანილო 85), ვერატი (დრაქსლერი 73), მბაპე; იკარდი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 1:1 მბაპე (32), 1:2 მბაპე (65), 1:3 კინი (70), 1:4 მბაპე (85)
გაფრთხილება: გეიე (20)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)
„ლაიფციგი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:0)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
„ლაიფციგი“ (3-5-3): გულაშჩი; მუკიელე (ორბანი 64), უპამეკანო, კლოსტერმანი; ადამსი, ჰაიდარა (პოულსენი 64), კამპლი (ჰვანი 73), ზაბიცერი, ანხელინიო; დანი ოლმო, ნკუნკუ
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კაბაკი, ჰენდერსონი, რობერტსონი; ტიაგო ალკანტარა (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 72), ვეინალდუმი, ჯონსი; სალაჰი (ულიამსი 90), ფირმინო (შაქირი 72), მანე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 სალაჰი (53), 0:2 მანე (58)
გაფრთხილება: ჰაიდარა (5), მუკიელე (5), ნკუნკუ (52), ანხელინიო (66), დანი ოლმო (76) - კაბაკი (69), ჰენდერსონი (81)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 9 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 7:1
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)