ფეხბურთი

0:40 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის რეალური შანსი, დაუშვილის გატეხილი ცხვირი და ქეცბაიას საჩემპიონო იმედი (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა, მაგრამ ვერ დაამარცხა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

ქართველმა სპეციალისტმა ნამატჩევს ისაუბრა და აღნიშნა, რომ დააკრგული ქულების მიუხედავად, ჩემპიონობის შანსები მის გუნდს ისევ აქვს და ყველაფერი წინ არის:

„მჯერა, რომ საკმარისი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, ორივე ტაიმში გვქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ბოლოს შეიძლებოდა წაგვეგო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთელებთან, ახლა უკვე პარალიმნისთან მატჩზე ვფიქრობთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. 36 ქულაა გასათამაშებელი და მეკითხებით შეიძლება თუ არა 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა? ახლა რა უნდა გიპასუხოთ. ისინი ერთმანეთში ითამაშებენ და ორივე ვერ მოიგებს. 12 თამაში და 36 ქულა დარჩა, 6 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ მთელი ჩემპიონატი წინაა. შეგვიძლია ნებისმიერი გუნდი დავამარცხოთ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, როდესაც ამდენ საგოლე მომენტს ქმნი და ვერ იმარჯვებ, ნიშნავს, რომ არ გიმართლებს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს იღბალი არ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებში გვექნება.“, - თქვა თემურმა.

აელ-თან ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად, მურთაზ დაუშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი, რადგან ცხვირი გაიტეხა და საავადმყოფოში გახდა მისი გადაყვანა საჭირო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი სწორედ ოქრიაშვილს ჰქონდა, რომელიც 74-ე წუთზე თავით ცდილობდა გატანას, მაგრამ მცირედით ააცილა, ხოლო 4 წუთში ლორიამ მეტოქის შემტევს ერთ-ერთზე აჯობა და თავისი გუნდი გადაარჩინა.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისს“ 45 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა, აელ-ს ერთი, „ომონიას“ 5 და „აპოლონს“ 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ფამაგუსტელები 16 თებერვალს, სტუმრად „პარალიმნისთან“ გამართავენ.

0.125427