„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ არ გამორიცხა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება. მისი განცხადებით, ყველაფერი ზლატანის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ ახალგზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც ისეთი ლიდერი სჭირდება, როგორიც იბრაჰიმოვიჩია. კონტრაქტის გახანგრძლივება? მან გვითხრა, რომ ეს მის სხეულზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, რატომაც არა, რომ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იყოს. ჩვენ სამი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაცნ კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურებათ. ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს. ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და 100%-ით თამაშზე ფიქრობენ. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მალე მივაღწევთ“, - აღნიშნა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ კონტრაქტი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარდა, 30 ივნისს, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჰაკან ჩალჰანოღლუს ეწურებათ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ლიდერია და 11 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, სერია A-ს ბომბარდირობისთვის კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელუ ლუკაკუსთან და ჩირო იმობილესთან ერთად იბრძვის.