უელსის ნაკრების ექს კაპიტანი სემ უორბარტონი 6 ერში ცვლილების მომხრეა. მან BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნული საკითხზე კომენტარი გააკეთა. 32 წლის სემი იტალიის ნაკრებს აკრიტიკებს და გამოსავალს დაწინაურება-დაქვეითების სისტემაში ხედავს. ეს კი შანსია საქართველოს მსგავსი გუნდებისთვის, თუმცა თავად ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ.
აღსანისნავია ის ფაქტიც, რომ 6 ერის გახსნით მატჩში იტალია "სტადიო ოლიმპიკოზე" საფრანგეთს დაუპირისპირდა და 40-ქულიანი სხვაობით 10:50 დამარცხდა. ეს კი „სკუადრა აძურასთვის“ 6 ერის პირველობაზე ზედიზედ 28-ე მარცხი გამოდგა.
"ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა. ეს მხოლოდ ერთი თამაშის ბრალი არ არის. იტალიის ნაკრების თამაშის ხარისხი 6 ერის დონეს ბოლო წლებია არ შეესაბამება. ასე ისინი კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან. ჩემი აზრით, ექვსი ერის ტურნირზეც უნდა იყოს დაწინაურება-დაქვეითების სისტემა.
თუ საქართველო კვლავ მოიგებს ტურნირს მეორე ეშელონში და იტალია ბოლო ადგილზე გავა - დაინიშნოს პლეი-ოფი. იტალიას მივცეთ კიდევ ერთი შანსი, ეს თამაში იტალიაში გაიმართოს. ვფიქრობ, ამ თამაშს ტელევიზიით ბევრი მაყურებელი ეყოლება. თუ ამას არ გავაკეთებთ, ტურნირის დონე უკან წავა.", - განაცხადა უორბარტონმა.