NBA-ში „ინდიანა პეისერსის“ ცუდი სერია გრძელდება და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ამჯერად ინდიანაპოლისელები შინ „იუტა ჯაზთან“ 95:103 დამარცხდნენ.
გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „ჯაზმენებმა“ 8 ქულით (28:21) მოიგეს და საბოლოო სხვაობაც სწორედ ამან განაპირობა. გამარჯვებულთა შორის და ზოგადად, საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 27 ქულა, 9 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. „ინდიანაში“ კი დომანტას საბონისი გამოირჩა 20 ქულით, 9 მოხსნითა და 2 პასით.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 15:19 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა, ხოლო 3-ჯერ დაჯარიმდა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა.
„ინდიანა“ 12 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.