რუსთავის ‘ხარებმა’ ‘იუნკერებს’ „ავჭალაზე“ ოთხი ლელო გაუტანა, ბონუსით, 24:10 მოუგო და მოწინავე სამეულში შევიდა.
ეს იყო პირველი ეტაპის ბოლო გადადებული შეხვედრა და ყველა გუნდს 7-7 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა. ახლა ‘ხარებს’, ‘იუნკერებს’ და ‘ლოკომოტივს’ 18-18 ქულა აქვთ და „ა“ ჯგუფში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, ‘ლელო-სარასენსი’ კი მათ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, დასკვნით სამ ტურში დაძაბული ბრძოლები გაიმართება.
‘იუნკერებს’ შარშან დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და შეტევასა თუ დაცვაში შეცდომები დაუშვა, ხშირი იყო ტექნიკური წუნი. თავის მხრივ, ‘ხარებისთვის’ ეს მესამე თამაში იყო.
მასპინძლები პირველი ტაიმის დასაწყისში და მიწურულს ლელოში ორჯერ შევიდნენ, მაგრამ ორივეჯერ ბურთი წინ გადაუვარდათ. პირველ 40 წუთში მხოლოდ ერთი შედეგიანი შეტევა ვიხილეთ. 26-ე წუთზე ვაჟა ხუციშვილმა ხაზი გაჭრა, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და დემურ ეფრემიძის ლელო მოყვა.
მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ირაკლი ჩომახაშვილმა მეორე ლელო გაიტანა და ამჯერად ხუციშვილმაც გარდასახა. 66-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით უპასუხა, თუმცა სამ წუთში ლევან ნარიმანიძე მბოჭავს გაექცა და სტუმართა მესამე ლელო გაიტანა, ხუციშვილმა კი ამჯერადაც გარდასახა.
შეხვედრის მიწურულს რუსთაველთა მოლს დიმიტრი ცაბაძე მოწყდა და მეოთხე ლელო გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძელთა, კერძოდ გიორგი შუკაკიძის ერთმა საპასუხო ლელომ, მათ ასე მნიშვნელოვანი ბონუსი ვერ აართვა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველი ჟორა მღებრიშვილი გახდა.
ამრიგად, დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის კალენდარი საბოლოოდ გასწორდა და მომდევნო კვირაში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართება.